გიორგი კანდელაკი - არსებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს „შავი სიები“ აქვს და კანონის ავლით უკეთებენ „ფაიზერს“, გუშინ, როცა საიტი გაიხსნა, უამრავი ადგილი უკვე დაჯავშნილი იყო

მთავრობამ კომპანია „მოდერნასთან" ვაქცინის წინასწარი შეკვეთა ჩაშალა, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა, ვაქცინაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას.

კანდელაკის თქმით, საქართველოს ჰქონდა წინასწარი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა კომპანია „მოდერნასთან“, რითაც ხელისუფლებამ არ ისარგებლა და დაკარგა შესაძლებლობა გადაერჩინა ასეულობით სიცოცხლე. კანდელაკი პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს აკისრებს და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მათზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას ითხოვს.

კანდელაკი ასევე შეეხო ვაქცინაციის საიტის გაუმართაობის საკითხს და აღნიშნა, რომ სისტემას აქვს მრავალი ხარვეზი, რაც აჩენს „კორუფციული სქემების ნიშნებს“.

„გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ სახეზე გვაქვს ვაქცინაციის პროცესის სრული კრახი, რომ გვაქვს მაღალი სიკვდილიანობა ქვეყანაში და საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ვაქცინაციის სტატისტიკით. მხოლოდ ეს კრახი იქნებოდა საკმარისი, სხვა ყველა საკითხს რომ თავი დავანებოთ, მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად. დღეს მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობას ჰქონდა კომპანია „მოდერნასთან“, ჯერ კიდევ ვაქცინების გამოშვებამდე წინასწარი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა, რითაც მთავრობამ არ ისარგებლა. ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაშიც საქართველო იქნებოდა დღეს ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზე ვაქცინაციის თვალსაზრისით მსოფლიოში და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, იქნებოდა ცოცხალი.

ეს თავადვე დაადასტურა თამარ გაბუნიამ გასულ კვირას, როცა მან თქვა, რომ კომპანია „მოდერნას“ და „ჯონსონ&ჯონსონის“ მიერ შემოთავაზებული პირობები ჩვენთვის ხელსაყრელი არ იყოო. მაინტერესებს, განა რა პირობები იყო ისეთი, რომელთაც მათ შეგნებულად არჩიეს დღეში 20-30 ადამიანამდე სიკვდილი. დღეში საქართველოში იღუპება 20-დან 30 ადამიანამდე, თუკი საქართველოს მთავრობას ჰქონდა ვირუსთან ვითომ ქუჩების „შამპუნის“ მორეცხვისთვის ასეულ ათასობით ლარი, თუკი მთავრობას ჰქონდა კორუმპირებულ და სულელურ ე.წ. სამოგზაურო კარანტინში 65 მილიონი ლარის გადაყრის, გაფლანგვის ფული, რა იყო ამისთანა, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ წინასწარი შეკვეთა განეთავსებინათ კომპანიებთან „მოდერნა“ და „ჯონსონ&ჯონსონი“.

მოვუწოდებ ტიკარაძეს, გაასაჯარავოს დოკუმენტები ამ ორ კომპანიასთან, მიმოწერის დოკუმენტები და თუკი აღმოჩნდება, რომ საქართველოს მართლაც ჰქონდა წინასწარი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა, რითაც საქართველოს მთავრობამ არ ისარგებლა, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ეს ეხება ადამიანების სიცოცხლეს.

ასევე მინდა გამოვეხმაური გუშინდელ კრახს „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით, მთელ თბილისში მუსირებს და ყველა იცნობს ადამიანებს, რომლებმაც ჩაწყობით გაიკეთეს „ფაიზერის“ ვაქცინა. ამ კომუნისტური ნომენკლატურის მეტასტაზებმა, რომელთათვის მშობლიურია ეს „ჩაწყობა“, შესაძლებელი გახადეს, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს რაღაც „შავი სიები“, მარცხენა სიები და ასე სისტემის ავლით ვიღაცებს კანონის ავლით უკეთებენ „ფაიზერის“ აცრას, უკეთებდნენ ადრეც, რომელთაც არც ასაკით ეკუთვნოდათ და არც სხვა კრიტერიუმით. ამის ერთ-ერთი დასტური ისიცაა, რომ როდესაც გაიხსნა გუშინ, 15:00 საათზე ვაქცინაციის საიტი, უამრავი ადგილი უკვე იყო დაჯავშნილი“ , - განაცხადა კანდელაკმა.

იხილეთ ვიდეო:გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, მთავრობამ კომპანია "მოდერნასთან" ვაქცინის წინასწარი შეკვეთა ჩაშალა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა