მაია ბუწაშვილი - ციფრები საკმაოდ სერიოზულია, მილიონ მოსახლეზე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით უკვე მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ, მოდუნება არაფრით არ შეიძლება

შეზღუდვები უკიდურესი ღონისძიებაა - მგონია, რომ „ლოკდაუნი“ ბევრი გვქონდა, ზედმეტი დოზებით და ეს უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, როდესაც სხვა არ ამართლებს და არა პირველივე გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული შეზღუდვების აღსრულებაც პრობლემაა და ბევრ შემთხვევაში, ფორმალურ ხასიათს ატარებს და მათ აღსრულებაზე უნდა იყოს უფრო მჭიდრო ზედამხედველობა.

როგორც ინფექციონისტმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება შეინიშნება, „ლოკდაუნის“ კიდევ ერთხელ გამოცხადებას არ უნდა ველოდოთ.

მაია ბუწაშვილის თქმით, ქვეყნის ერთგვარ ჩაკეტვას მძიმე შედეგებამდე მივყავართ.

„ჯერჯერობით, ვხედავთ შემთხვევების აღმავლობას, თუმცა, არც ისე საგანგაშოს, როგორიც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა და იმედია, იმ ციფრებს არ მივაღწევთ. ამ დაავადებასთან დაკავშირებით პროგნოზირება ძალიან ძნელია, მაგრამ ლოგიკურად, ისეთი ციფრები არ უნდა მივიღოთ, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის საკმაოდ სერიოზულმა ნაწილმა ეს ინფექცია გადაიტანა და ეს გადაცემის ჯაჭვებს, ასე თუ ისე, შეანელებს.

ელვის სისწრაფით აღარ გავრცელდება, რადგან დახვდება ის ადამიანები, რომელთაც ექნებათ დაცვა, ანტისხეულები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სიმშვიდის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს, საქართველოს პირობებში ახლანდელი ციფრებიც საკმაოდ სერიოზულია. სამწუხაროდ, მილიონ მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობით უკვე მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ, ამიტომ მოდუნება არაფრით არ შეიძლება. ვაქცინირებულების რაოდენობა იმდენად დაბალია, ეს სამწუხაროდ, დიდად სურათს ვერ შეცვლის.

ადამიანებს ბევრჯერ უნდა მოვუწოდოთ, რომ არ დაავიწყდეთ კოვიდი. განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე დისტანცირება არის ერთ-ერთი გადამწყვეტი. ადამიანების თავშეყრა არის ძალიან საშიში. იქ შეიძლება იყოს ერთი შემთხვევა, რომელმაც სტარტი აიღოს. ჩვენ გვახსოვს შარშანდელი ზაფხული როგორიც იყო და საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ, ჩაკეტვა და „ლოკდაუნი“ რა მძიმე შედეგებს იძლევა“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა