ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი - გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება

გუნდის თითოეული წევრი ზედმიწევნით იყო ინფორმირებული დოკუმენტის დეტალების შესახებ და მათ სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან შეერთების შესახებ. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის მონაწილეები ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა.

„აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტს აკისრებდა ვალდებულებას, ემოქმედა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 2019 წლის რეკომენდაცია, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ერთი ნახევარი მეცხრე, ხოლო მეორე ნახევარი - მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ უნდა არჩეულიყო. მანამდე, გატარდა ე.წ. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ტალღის რეფორმები, რომლებმაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა. გატარდა საკონსტიტუციო რეფორმა და ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფლების თავის ახალი რედაქცია, რომელმაც ვენეციის კომისიისგან ასევე მაღალი შეფასება მიიღო.

ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს.

პოლიტიკური მოლაპარაკებების მსვლელობისას, მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით დეტალურ ინფორმაციას სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრი ზედმიწევნით იყო ინფორმირებული დოკუმენტის დეტალების შესახებ და მათ სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან შეერთების შესახებ. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება.

„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან თვისებრივად გარდაქმნა სასამართლო სისტემა. სისტემა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი რგოლი იყო, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების დევნაში, ბიზნესის რეკეტსა და უამრავ სხვა სისტემურ დანაშაულში, დღეს დგას სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურში. აღნიშნული ფუნდამენტური პროგრესი გამოხატულია როგორც სტატისტიკური მონაცემებით, ისე მაღალრეპუტაციული საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებით. თუმცა, გვესმის, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა მუდმივ განმტკიცებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა სასამართლო რეფორმის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ამ ამოცანას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ. სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ამოცანაა. შეგახსენებთ, რომ აქედან გამომდინარე, სასამართლო რეფორმის გაგრძელება არის არა მხოლოდ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების, არამედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილიც.

მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარება, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე