შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ჩინოსანში“, რომელმაც აშშ-ს „დამახინჯებული ინფორმაცია“ მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა კელი დეგნანზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი არ აკონკრეტებს, ვის ადანაშაულებს მმართველი გუნდი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისთვის დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებაში, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს ჩინოსანი ქართველი არ არის.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მმართველ გუნდს არ უნდა მას რაიმე რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

კითხვაზე: „გაქვთ თუ არა პრეტენზიები და შენიშვნები ელჩის მუშაობასთან დაკავშირებით და გულისხმობთ თუ არა კელი დეგნანს „ჩინოსანში“, რომელმაც თქვენივე შეფასებით დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა პარტნიორებს?“ - პაპუაშვილმა უპასუხა: „აქ, რა თქმა უნდა, ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება“.

„თუმცა, ჩვენ ამ შემთხვევაში თავს ვიკავებთ დაკონკრეტებისგან, ვინაიდან საკითხი ეხება ჩვენს პარტნიორებს, მათ იერარქიას. არ გვინდა რაიმე რეპუტაციული ზიანი მათ მივაყენოთ. ამიტომ არ ვკონკრეტდებით, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, იქნება ეს ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, ნიკა მელია როგორ უდიერად მოიხსენიებენ სხვადასხვა პარტნიორებს.

ვიმეორებ, ქართველი ჩინოსანი აქ არ იგულისხმება. რაც შეეხება შიდა იერარქიებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციების მიწოდება დამახინჯებით თუ დამახინჯების გარეშე, კონკრეტიკა არ გვინდა. თუმცა, ჩვენი აღქმა არის, რომ დამახინჯებით აქვთ ინფორმაცია მიწოდებული. ვფიქრობთ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებაში სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს, როგორც პაპუაშვილი განმარტავს, „ქართული ოცნება“ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს.

„19 აპრილის შეთანხმებაში სასამართლოზე არის ორი საკითხი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლოს რეფორმა, რა ორი სხვადასხვა საკითხია. სასამართლოს რეფორმის ნაწილში ეს არის ერთწლიანი პროცესი, რაც 2022 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისას აქ საუბარია ერთ რამეზე, რომ არჩევის პროცედურა არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამ შეთანხმებაში წერია, რომ უნდა დაპაუზდეს მიმდინარე პროცესი, შეიცვალოს კანონი, ხელახლა გაიხსნას და დასრულდეს, რაც სიტყვასიტყვით შესრულდა. მარტში პროცესი დაპაუზდა, აპრილში კანონი მივიღეთ, გაგრძელდა პროცესი და დავნიშნეთ მოსამართლეები. სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა? აქ არის დაუკავშირებელი საკითხების დაკავშირების პრობლემა. სწორედ ამიტომაც გვაქვს ეჭვი, რომ დამახინჯებით მიდის ინფორმაცია. ამბიციური სასამართლო რეფორმის ვადები გაწერილია 2022 წლის გაზაფხულამდე. 28 მოსამართლე უნდა იყოს უზენაეს სასამართლოში და ბოლო დანიშვნებამდე 16 მოსამართლე იყო დარჩენილი და ეს უნდა შევსებულიყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა მმართველი გუნდი დათმობაზე წავიდეს შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის შემდეგ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, პაპუაშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელი ბათუმში სხვა მიზეზით ჩამოდის.

„რაც შეეხება შარლ მიშელის ვიზიტს, აბსოლუტურად სხვა კონტექსტშია. იცით, რომ ბათუმში იმართება საერთაშორისო კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების.

მეორეს მხრივ, მას განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოსთან 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე და ესეც თემატიზირებული იქნება მისი მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებმა ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემაშფოთებელია, რომ „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო“, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა