„ტვ პირველის“ ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

„ტვ პირველის“ ოპერატორისთვის, ლევან ბრეგვაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სხვა მოქალაქის დევნის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულებს, ვანო ბურდულს და დავით ქოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების 7000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეზე მიუთითებდა. პროკურორ ნათია გურულის თქმით, ერთ-ერთ ბრალდებულს ძალადობრივი ქმედება პოლიციის ჩართულობის შემდეგაც აქვს განხორციელებული.

ვანო ბურდულის ადვოკატი, თორნიკე გვენეტაძე აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელს მხოლოდ ორი მოწმე - პოლიციელები ადებენ ხელს. მისივე თქმით, პოლიციელებს ჩვენებაში ნათქვამი აქვთ, რომ ბურდულს ნაცრისფერი შარვალი ეცვა, რეალურად კი, მას მოკლე შარვალი ეცვა, რაც ადვოკატის თქმითვე, იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიციელებს ბრალდებული ვიდეობიდან ჰყავთ ნანახი. გვენეტაძის თქმით, დაზარალებული ოპერატორიც ვერ ახდენს აღწერს იმ პირის, ვინც მას თავს დაესხა.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ვანო ბურდული 15 ივლისს, ხოლო დავით ქოჩიაშვილი 14 ივლისს დააკავეს. ვანო ბურდულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა. დავით ქოჩიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა სიტყვის და აზრის გამო, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

ვანო ბურდულის და დავით ქოჩიაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს