ლევან იოსელიანი - შარლ მიშელთან შეხვედრაზე სანქციებზე საუბარი არ ყოფილა

სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, ძირითადად საუბარი შეეხო სასამართლოს და ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს და მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითად შეაფასა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

იოსელიანის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მათი შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელს მმართველ პარტიასთან სერიოზული საუბარი ექნება.

„მე პირადად მივაწოდე ინფორმაცია იმ დანიშვნებთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა უზენაეს სასამართლოში. მე ვესწრებოდი ამ პროცესს და წინააღმდეგ მივეცი ხმა ექვსივე კანდიდატს, რომელიც დაინიშნა სასამართლოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონოდა ეს ინფორმაცია და მისი განწყობა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველოში ეს ყველაზე დიდი თავის ტკივილი, რომელიც ჩემმა ბევრმა კოლეგამ უწოდა სასამართლოს, რაღაც ფორმით უნდა გადაიჭრას და ოპოზიციის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ბოიკოტირების გზა არ არის გამოსავალი და ამის შესახებაც ვუთხარი მე მას, რომ ოპოზიცია მნიშვნელოვნად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, რომ შედეგი დაიდოს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მას ექნება სერიოზული საუბარი მმართველ პარტიასთან და ის ჩანაწერი, რაც არის მიშელის დოკუმენტში, რომ უნდა დავიწყოთ სასამართლო სისტემის რეფორმირება, დაიწყება და არ იქნება გაყინული ერთ ადგილას. სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, ძირითადად საუბარი შეეხო სასამართლოს და ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს და მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითად შეაფასა“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად ის ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა