თამარ კორძაია - თინა ბოკუჩავას და ნონა მამულაშვილის მიმართ შალვა პაპუაშვილის და ირაკლი ზარქუას ქმედებები სცდება ყველანაირ ზღვარს - მოვუწოდებთ ეთიკის კომისიას,  განიხილოს ეს საკითხი

თინა ბოკუჩავას და ნონა მამულაშვილის მიმართ შალვა პაპუაშვილის და ირაკლი ზარქუას ქმედებები სცდება ყველანაირ ზღვარს - მოვუწოდებთ ეთიკის კომისიას, განიხილოს ეს საკითხი და დაადგინოს პარლამენტის კონკრეტული წევრების მიერ გუშინ განხორციელებული ქმედება არღვევდა თუ არა ეთიკის კოდექსს, - ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში ანა ნაცვლიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის, რაც გუშინ საზოგადოებამ ნახა, სხვა არაფერია, თუ არა ეთიკური სტანდარტების უხეში დარღვევა.

„მე და ჩემი კოლეგა ანა ნაცვლიშვილი თავს ვალდებულად ვთვლით, გამოვეხმაუროთ გუშინ, ამ შენობის, სასესიო დარბაზში მომხდარ ფაქტებს. საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის თანახმად, პარლამენტის წევრი ვალდებულია, დაიცვას ეთიკური სტანდარტები და განსაკუთრებით ეს წესები დაიცვას საკუთარი კოლეგების მიმართ. კოდექსის მეორე მუხლში მითითებულია, რომ პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს. ჩვენს კოლეგებს მმართველი გუნდიდან კიდევ ერთ მუხლს შევახსენებთ, რომელზეც ხელი აქვთ მოწერილი და დაარღვიეს - საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახავი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება. ის, რასაც ჩვენ გუშინ ვხედავდით დარბაზში, სხვა არაფერია, თუ არა ეთიკური სტანდარტების უხეში დარღვევა და იმის გაუაზრებლობა, თუ რა პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენ კოლეგა მამაკაცებს ამ დარბაზში. თინა ბოკუჩავას და ნონა მამულაშვილის მიმართ შალვა პაპუაშვილის და ირაკლი ზარქუას ქმედებები სცდება ყველანაირ ზღვარს, ამიტომ მე და ანა ნაცვლიშვილი მოვუწოდებთ ეთიკის კომისიას, განიხილოს ეს საკითხი და დაადგინოს პარლამენტის კონკრეტული წევრების მიერ გუშინ განხორციელებული ქმედება არღვევდა თუ არა ამ ეთიკის კოდექსს. გუშინდელი დღე საჭიროებს სათანადო შესწავლას და შეფასებას პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიერ. ეს არის სამართლებრივი პროცედურები, რასაც ჩვენ მივმართავთ ჩვენი უფლებამოსილების და პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, მე ვურჩევდი „ქართულ ოცნებას“, განიხილოს ამ ადამიანების პარლამენტში ყოფნა-არყოფნის საკითხი და ურჩიოს დატოვონ პარლამენტი,“ - განაცხადა კორძაიამ.

მას ასევე ჰკითხეს, ჯდებოდა თუ არა ეთიკის სტანდარტში ნონა მამულაშვილის მხრიდან მაგიდაზე ასვლა და პროტესტის ამგვარად გამოხატვა, რაზეც კორძაია პასუხობს, რომ ნონა მამულაშვილის ქცევა სავსებით ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მისი თქმით, მას შემდეგ, რა ინციდენტსაც ადგილი ჰქონდა თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, მამულაშვილის მხრიდან გამოხატვის ეს ფორმა იყო სრულიად ადეკვატური. მისივე თქმით, პარლამენტში არის მანდატური ქალი, რომელიც ასეთ ვითარებაში ცდილობს სიტუაციის დარეგულირებას.

„ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ, ვითარება იყო ზუსტად ასეთი, როცა თინა ბოკუჩავას შეეხნენ ფიზიკურად, ამის შემდეგ ნონა მამულაშვილმა პროტესტის კიდევ უფრო მძაფრი ფორმა გამოიყენა,“ - აღნიშნა კორძაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა