ვლადიმერ ზელენსკი - ჩვენ გვაერთიანებს არამხოლოდ მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ სურვილი, რომ ეს გზა ტრიომ ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ და სრულ, ევროპულ ინტეგრაციას მივაღწიოთ

ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა, რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ, ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩვენი შეხვედრის ფარგლებში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ განმარტა, სამ ქვეყანას არა მხოლოდ მიმართულება და სამიზნე წერტილი აერთიანებს, არამედ სურვილი, რომ „ეს გზა ხელიხელჩაკიდებულმა გაიარონ“.

„მივესალმები საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს ბათუმში ჩვენი მასპინძლობისთვის.

მე ძალიან მიხარია, რომ ქართულ სტუმართმოყვარე მიწაზე ვდგავარ, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, პირველად მაქვს პრეზიდენტის როლში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა და ძალიან კარგ საზოგადოებაში მიწევს ყოფნა. ამ შესაძლებლობას ვიყენებ და მივესალმები ქალბატონ მაია სანდუს, შესანიშნავ გამარჯვებას ვულოცავ საპრეზიდენტო არჩევნებში და მივესალმები საპარლამენტო არჩევნებს მოლდოვაში.

ევროპისაკენ მისწრაფების კონტექსტში ერთად პირველად შევიკრიბეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ინტეგრაციის გზაზე - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, პირველად განვაცხადეთ საერთო მიზნების შესახებ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ. ჩვენ გვაერთიანებს არამხოლოდ მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ ჩვენი სურვილი, რომ ეს გზა ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ, ამ ტრიომ და ჩვენი ქვეყნებისთვის მივაღწიოთ სრულ, ევროპულ ინტეგრაციას. ეს სამიზნე წერტილი მიღწევადია, ჩვენ დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ, რადგან ბატონი შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამ წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში ჩვენს მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 49-ე მუხლის ფარგლებში, რომ ამ გზაზე წარმატებით ვიაროთ, ჩვენ ასევე გთავაზობთ, როგორც ბატონ მიშელს შევთავაზეთ, რომ მოხდეს ევროპული საბჭოს მიწვევის გადახედვა და ახალი მიდგომებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა მიეცეს საშუალება აღმოსავლეთის ტრიოს, რომ წარმოადგინოს თავისი წარმატება, სტრატეგიული მიზნები ამ პარტნიორობისთვის და ამ „ტრიოს“ პოლიტიკური მნიშვნელობა, ამ შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ“, - აცხადებს ზელენსკი.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.

„ამ სამიტის დეკლარაცია, რომელიც ბათუმში გაფორმდა, ჩვენს სულისკვეთებას ასახავს და ეს მისწრაფება გვაერთიანებს უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა, რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ, ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩვენი შეხვედრის ფარგლებში.

არც არის გასაკვირი, საქართველოში ვიზიტი დავიწყე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან, რომელიც არამხოლოდ ჰყოფს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და საქართველოს, არამედ, უსაფრთხო მომავლის შემქმნელი უნდა გახდეს. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მე ვხედავ ყოველთვე, როცა ჩავდივარ აღმოსავლეთ უკრაინაში, მსგავს სიტუაციას, ჩემი მეგობრები მოლდოვადან მეუბნებიან, იციან რა არის ანექსირების საფრთხე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ ტერიტორიებზე მსგავსი გამყოფი ხაზები აღარ გვქონდეს.

ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, შავი ზღვა უნდა იყოს ის სივრცე, სადაც საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობა უნდა განვითარდეს და ჩვენი მიზანი შეიძლება მიღწეული იქნას უკრაინული ინიციატივის, ყირიმის ინიციატივის საფუძველზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში ისტორიული მემკვიდრეობის გასაცნობად, ბევრი ადგილია სანახავი. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ვიზიტების ფარგლებში უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ საქართველოში ჩამოვიდეს.

ზელენსკიმ დაბადების დღე მიულოცა მომღერალ ბუბა კიკაბიძეს.

„ბატონ მიშელს 20 აგვისტოს კიევში ვიწვევთ ღონისძიებაზე, რომელიც ამ საკითხებზე გააკეთებს აქცენტირებას, ჩვენ კმაყოფილი ვართ, ამ მაღალი დონის შეხვედრით და ასევე, საზოგადოებას ვამცნობთ, რომ უკრაინის 2 მოქალაქეს ვაბრუნებთ, რომლებიც დაკავებული იყვნენ და მადლობას მოვახსენებთ საქართველოს პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის ამ საკითხთან მიმართებით. ქალბატონო, პრეზიდენტო, მე მადლობას მოგახსენებთ და აქვე, ყველას გარწმუნებთ, რომ ჩვენი მეგობარი საქართველო, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ისტორიული გამოცდების შემდეგ ცხადყოფს, რომ ძალა ერთობაშია.

მე მქონდა შესაძლებლობა მენახა მცხეთა, გერგეტის ტაძარი, ვიყავი სხვადასხვა ისტორიულ ადგილას, პირველად ვარ საქართველოში ამ რანგით და ქალბატონ მაია სანდუს ვეუბნები, რომ ძალიან ბევრი ადგილია სანახავი საქართველოში ისტორიული მემკვიდრეობის გასაცნობად, იმედი მაქვს, მომავალი ვიზიტების ფარგლებში მექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიღებ თქვენს მოწვევას, რომ თქვენს მეგობრულ ქვეყანაში კვლავ ჩამოვიდე. არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მილიონობით ადამიანისთვის ძვირფასი ადამიანი - ვახტანგ კიკაბიძე დღეს დაბადებულა, 83 წელი შეუსრულდა, ვულოცავ ბატონ ბუბას დაბადების დღეს და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობაც მეძლევა, ძალიან ენერგიულია, დიდი შთაგონების წყაროა და ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის წყაროს, სიცოცხლის მოყვარულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამირან გამყრელიძე - თანამდებობის დატოვებას ვფიქრობდი, თუმცა ორი-სამი წლის შემდეგ, როცა ბოლომდე მივიყვანდი ორ დიდ ეროვნულ პროექტს, მაგრამ „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2022
თანამედროვე უსაფრთხოების დილემა: ქართული მრავალწახნაგა
Hallo - პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში
Hotsale.ge-მ ვებგვერდზე განთავსებულ კვების ობიექტებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების მონიტორინგი დაიწყო
iPhone 14 უკვე ელიტ ელექტრონიქსში
ბაზისბანკის და ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? 10-წლიანი პარტნიორობა გრძელდება
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა" გაიმართა
კარფური და მასტერქარდი „ერთად ბავშვებისთვის“