ზურაბ ბატიაშვილი - ვფიქრობ, შარლ მიშელის განცხადებები საქართველოს ხელისუფლებისადმი ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება იყო

ის განცხადებები, რომლებიც შარლ მიშელმა გააკეთა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება იყო, - ამის შესახებ ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში ზურაბ ბატიაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა, თუ დასავლეთის ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებული პროცესი გაგრძელდება, „დასავლეთისგან მკაცრ ზომებს უნდა ველოდოთ“.

„შარლ მიშელის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო და იყო კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმის, რომ დასავლეთისთვის და ზოგადად ევროკავშირისთვის სულერთი არ არის, რა მოხდება საქართველოში.

ქართული საზოგადოება მიჩვეულია ძალიან ბევრი რამის პირდაპირ თქმას - მიშელმა ძალიან ბევრი რამ თქვა, მაგრამ ეს თქვა დიპლომატიურად. ყველასთვის გასაგებია ის წუხილი, რომელიც მან მოიტანა თავის განცხადებაში, რომ სრულად არ სრულდება ის ხელშეკრულება და ხელშეკრულების პირობები, რომელზეც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში თანხმობა იყო - ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მაინც მგონია, რომ ის განცხადებები, რომლებიც გააკეთა შარლ მიშელმა, იყო ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თუ ეს პროცესი, რომელიც დასავლეთის ფასეულობების წინააღმდეგ დაიწყო, მათ შორის თავისუფალ მედიაზე თავდასხმები და ფასეულობებზე შეტევა, მაშინ დასავლეთისგან უნდა ველოდოთ მკაცრ ზომებს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 19 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ დაესწრო. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, აუცილებელია, რომ 19 აპრილის შეთანხმება შესრულდეს. მისივე თქმით, მართლმსაჯულების რეფორმა მთავარი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმების და წინაპირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების.

მან ასევე, ისაუბრა სასამართლო რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს და ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა