თამარ კორძაია - მიშელის დოკუმენტის სრულად ჩავარდნაზე ვერ ვილაპარაკებ მანამ, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი არ გამოვა პარლამენტში

შარლ მიშელის დოკუმენტის სრულად ჩავარდნაზე ვერ ვილაპარაკებ მანამ, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი არ გამოვა პარლამენტში. მაგრამ თუ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებსაც ჩააგდებს, მაშინ დოკუმენტი სრულად ჩავარდნილია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ ისწავლა დიპლომატიური ენის გააზრება და ამის შესაბამისად მოქმედება.

„ყველაზე სევდიანი შარლ მიშელის შეფასებაში იყო ერთი ფრაზა, რომ თქვენ რეფორმები უნდა ჩაატაროთ არა ევროკავშირის გასახარებლად, არამედ თქვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვისო. თუ ვინმე ვერ გრძნობს ამ სიტყვების სიმძიმეს, ძალიან სამწუხაროა. ასეთი სევდიანი შეფასება არასდროს მომისმენია, რადგან მან ერთ ფრაზაში დაინახა რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.

„ქართული ოცნება“ სწორედ ყალბ შესრულებას ამოფარებული ცდილობს, ევროკავშირს აჩვენოს, რომ ასრულებს ვალდებულებებს. მას მიაჩნია, რომ ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი გზა არის ევროკავშირის კეთილგანწყობა მოიპოვოს, მაგრამ ამ დროს საზოგადოება რჩება იქ, სადაც იყო და ისინი ვერ ხედავენ იმ პოზიტივს, რასაც ამ ყველაფრისგან უნდა იღებდნენ,“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, შარლ მიშელმა საკუთარ განცხადებებში პირდაპირ მიანიშნა ძალიან მკაცრ და მკვეთრ ღონისძიებებზე, იმ შემთხვევაში თუ მართლმსაჯულების რეფორმა წესიერად არ განხორციელდება.

„რას ელოდა „ქართული ოცნება“ ან დეპუტატი ალუდა ღუდუშაური? რომ დიახ, თქვენ დაარღვიეთ შეთანხმება და მე გავდივარ შეთანხმებიდან?! ასეთი უპასუხისმგებლოები ევროპელი პოლიტიკოსები არ არიან. მიმაჩნია, რომ შეთანხმება ნაწილობრივ სრულდება საარჩევნო რეფორმაზე. მთელი ამ დოკუმენტის არსი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილებები. რაღაცები კარგია იმ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში, რაღაცები არა, მაგრამ პროცესში, მაგალითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხებში, ჩანს, რომ არ თანამშრომლობს. მართლმსაჯულების ნაწილში ვეთანხმები ყველაზე მძაფრ და მკაცრ განცხადებებს, რომ აბსოლუტურად ჩავარდნილია ყველაფერი. მაგრამ დოკუმენტის სრულად ჩავარდნაზე ვერ ვილაპარაკებ მანამ, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი არ გამოვა პარლამენტში. მაგრამ თუ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც ჩააგდებს ხელისუფლება, მაშინ სრულად ჩავარდნილია დოკუმენტი. „ქართული ოცნება“ ამ დოკუმენტს ვერ გაექცევა, მიუხედავად იმისა, ჩვენ მას ჩავარდნილად და შეუსრულებლად შევაფასებთ თუ არა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები რადიკალურ განცხადებებს კი არ ელოდებიან პოლიტიკოსებისგან, ადეკვატურ განცხადებებს ელოდებიან“, - განაცხადა კორძაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა