ვახტანგ კალოიანი - ხელისუფლებამ დანაშაულებრივად ვერ მოაბა თავი ვაქცინაციას, ვერც მის ლოჯისტიკას და ვერც საინფორმაციო დამარწმუნებელ კამპანიას, შესაბამისად, ველოდით, რომ აფეთქება იქნებოდა

ყველაზე სახიფათო არა ის ინფიცირებულთა ციფრია, რაც დღეს გამოვლინდა, არამედ ის მზარდი ტენდენცია, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ვახტანგ კალოიანი ქვეყანაში გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. კალოიანმა აღნიშნა, რომ ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსასვლელად საინფორმაციო კამპანიის აქტიური წარმოებაა საჭირო, დღეში მინიმუმ 50 000 ტესტის ჩატარება და მინიმალური, ზომიერი და თანმიმდევრული რეგულაციები, რომელიც ინფექციის გავრცელებასა და ქვეყნის ფუნქციონირებას შორის ბალანსს დაიცავს.

„ყველაზე სახიფათო არა ეს ერთი დღის ციფრია, არამედ ის ტენდენცია, მზარდი ტენდენცია, რაც გვაქვს და რეალურად დღეს მივიღეთ პრინციპში ნახტომისებური ზრდა, რაც პერსპექტივისთვის ძალიან ცუდია. მთავარი თემა აქ არის შემდეგი, ჩვენ ველოდით ინფიცირებულთა მატებას, „დელტა“ შტამი სამწუხაროდ ამის პროგნოზის საშუალებას გვაძლევდა, ველოდით ამას აგვისტო-სექტემბერში, თუმცა ველოდით ამას, რადგან მოსახლეობა არ იყო ვაქცინირებული და ხელისუფლებამ დანაშაულებრივად ვერ მოაბა თავი ვაქცინაციას, ვერც მის ლოჯისტიკას და ვერც საინფორმაციო დამარწმუნებელ კამპანიას ჩვენ მოქალაქეებთან, შესაბამისად, ველოდით, რომ აფეთქება იქნებოდა.

ახლა, რა უნდა გავაკეთოთ დღეს, საინფორმაციო კამპანია ერთი, რომელიც არ უნდა გაჩერდეს, ამის გარეშე არაფერი გამოვა, თუ ჩვენ არგუმენტებით არ დავარწმუნეთ ჩვენი მოქალაქეები, რომ აიცრან, ეს ერთი, მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია მასიური ტესტირება, მინიმუმ 50 000 ტესტი დღეში და აქედან სასურველია, რომ ორი მესამედი კვლევების იყოს „პისიარ“ ბაზირებული, რათა ჩვენ დროულად შევძლოთ გამოვლენა იმ მოქალაქეების, რომლებიც ინფიცირებულები არიან და შემდეგ მათი ადეკვატური მოვლა.

მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის მინიმალური, ზომიერი და თანმიმდევრული რეგულაციები, რომელიც დაიცავს ბალანსს ინფექციის გავრცელებასა და ქვეყნის ფუნქციონირებას შორის. ასეთი არის პირველ რიგში დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარების ორგანიზება და მართვა, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა, ამის გარეშე ჩვენ ძალიან მძიმე აგვისტო და სექტემბერი გვექნება“, - განაცხადა კალოიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს