ხათუნა ბურკაძე - რეგიონალური მიდგომა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს ხელს შეუწყობს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოს“ მიერ საერთო ევროპული მისწრაფებების დეკლარირება ხელს შეუწყობს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული მიზნების განხორციელებას და შესაბამისად, მათი ევროპული მომავლისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოს“ მიერ ხელმოწერილი ბათუმის სამიტის დეკლარაცია ადასტურებს იმას, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროინტეგრაციის გზაზე საერთო მიდგომები აქვთ, რასაც მათი საერთო ისტორია და გამოწვევებიც განაპირობებენ.

„დაუშვებელია მესამე მხარის ჩარევა მათი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრაში. ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას ვერ ექნება ვეტოს უფლება აღნიშნული სახელმწიფოების ევროპულ პერსპექტივაზე. ამასთანავე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესია ხელი შეუწყოს რეგიონში განვითარებას, დემოკრატიული და უსაფრთხო გარემოს შექმნას“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

ამასთან, როგორც ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, ბათუმის სამიტის დეკლარაცია მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის“ თვალსაზრისითაც, სადაც „აღმოსავლეთის ტრიომ“ უფრო მეტად უნდა შეძლოს სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივის გამოკვეთა, განსაკუთრებით რეგიონალურ კონტექსტში. მისივე შეფასებით, აღნიშნული საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მისცემს ევროკავშირთან მეტი დაახლოებისა და ევროინტეგრაციის გზაზე ახალი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას.

„თუმცა აუცილებელია ყოველდღიურად გვახსოვდეს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გასაკეთებელი ბევრია. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების გაგრძელება და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება. თანმიმდევრული რეფორმები ყველა საკვანძო მიმართულებით განაპირობებენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან მეტად დაახლოებას და საბოლოო ჯამში, ცივილიზაციური, ღირებულებითი არჩევანის მიღწევას ევროპულ ოჯახში წევრობით“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს ის ფაქტი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოში ვიზიტი ენგურის ხიდზე მისვლით დაიწყო და ამით გამოხატა მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი და ასევე, მან მიუთითა იმაზე, რომ საერთო საფრთხე ოკუპაციისა და ანექსიის სახით რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობს.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია