ამ ეტაპზე უცნობია, 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გასაცემად კვლავ მივა თუ არა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ დღეს მხოლოდ ის განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.
მიქანაძის თქმით, საზოგადოების მაღალ ინტერესს წარმოადგენდა, მინისტრისაგან ინფორმაცია მიეღო, მაგრამ დესტრუქციულ ძალებს არ სურდა, საზოგადოებას კონკრეტულ ფაქტებით გამყარებული არგუმენტები და პოზიცია მოესმინა.
„ვახტანგ გომელაური პარლამენტში მოსული იყო. მას საზოგადოებისთვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება უნდოდა. თქვენ ნახეთ, რადიკალურმა ოპოზიციამ როგორი დესტრუქცია მოაწყო. მათი ერთადერთი დღის წესრიგია, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მისცეს შესაძლებლობა, საზოგადოებას მათი ინტერესიდან გამომდინარე, გასცეს პასუხი.
სწორედ ოპოზიციის დესტრუქციის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა გივი მიქანაძემ.