მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირის მონაწილე ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა და წარმატება მიულოცა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ტურნირში მონაწილეობით ახალგაზრდებმა შეძლეს თავიანთი განსაკუთრებული შესაძლებლობების გამოვლენა მსოფლიო მასშტაბით, გაიღრმავეს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევები, რაც სამეცნიერო მიღწევების ეპოქაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ასეთ პრესტიჟულ და მასშტაბურ ტურნირს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მოსწავლეებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონცეფცია გააცნო. მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი ასპარეზი იქნება. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის შექმნა შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად. უნივერსიტეტში აკადემიური პროგრამები მსოფლიო წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით იქმნება. უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფიზიკის სადოქტორო პროგრამის დანერგვა იგეგმება, მომდევნო ეტაპზე კი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებიც გაჩნდება. სამეცნიერო-კვლევითი პროცესი კი ქართველი და უცხოელი მეცნიერების ჩართულობით ადრონული თერაპიის ცენტრში წარიმართება, სადაც ერთი ციკლოტრონი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, ხოლო მეორე მხოლოდ სამეცნიერო კვლევებისთვის იქნება განკუთვნილი.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილე 30-მდე ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ნაკრების კაპიტანი ნიკოლოზ ნიკურაძე, ნიკოლოზ მალცევი, ნინი ქუჩულორია, ლევან ლოლაშვილი და ნენე ჟვანია. საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მსგავსი შედეგი საქართველოს ნაკრებს მრავალი წელია არ ჰქონია. ტურნირის მრავალწლიან ისტორიაში საქართველოს ნაკრებებს სხვადასხვა წელს მოპოვებული აქვთ გუნდური ბრინჯაოს 8, ვერცხლის 3 და ოქროს 1 მედალი.

აღსანიშნავია, რომ 1996 წელს, საქართველოში, წყალტუბოში ჩატარდა ახალგაზრდა ფიზიკოსთა მე-9 საერთაშორისო ტურნირი. 25-წლიანი პაუზის შემდეგ ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს კვლავ საქართველომ, კონკრეტულად კი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ტურნირის გამარჯვებული გახდა პოლონეთის გუნდი, მეორე ადგილი სლოვაკეთის, ხოლო მესამე ადგილი ავსტრიის გუნდებმა დაიკავეს. გამარჯვებულებს მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ასევე საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელი გიორგი ბახტაძე, ხელმძღვანელი და ორგანიზატორი ცოტნე დადიანი, ორგანიზატორები: თემურ გაჩეჩილაძე და გიორგი ხომერიკი.

„ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ხშირად „ფიზიკის მსოფლიო თასს“ (“Physics World Cup”) უწოდებენ, ყოველწლიურად ტარდება და მნიშვნელოვან ინტელექტუალურ კონკურსს წარმოადგენს საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის. ტურნირის მიზანია, წარმოაჩინოს მონაწილეთა უნარები – წარმატებით გადაჭრან ფიზიკაში დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები და შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა