კონკურსის „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ მონაწილეებისთვის სპეციალური ტრენინგები ჩატარდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ვიკიმედიის ქართული ჯგუფი კონკურსის – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ მონაწილეებს, საკონკურსო მასალის თემატიკისა და ტექნიკური პარამეტრების გაცნობის მიზნით, სპეციალურ ტრენინგებს სთავაზობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგი კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ ინფორმაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართველოლოგიური მასალის შესახებ და გაეცნონ მათ მიერ მომზადებული სტატიების ვიკიპედიის პლატფორმაზე ატვირთვისა და საკონკურსოდ წარდგენის პირობებს.

„ერთსაათიანი ტრენინგები დისტანციურ ფორმატში 31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება: 31 ივლისი, 11:00 საათი – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართველოლოგიური მასალები და მათ შესახებ ვიკისტატიების მომზადების პრინციპები. 1 აგვისტო, 11:00 საათი – როგორ დავარედაქტიროთ ვიკიპედია? 2 აგვისტო, 20:00 საათი – როგორ შევქმნათ ახალი სტატია ვიკიპედიაში? 3 აგვისტო, 20:00 საათი – რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის სტატია, რომ არ წაიშალოს?

ტრენინგში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. მონაწილეობის მსურველებმა 29 ივლისის ჩათვლით შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულად უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: exb.edu@manuscript.ac.ge

შეგახსენებთ, რომ სტატიების კონკურსი „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, ქართველოლოგიისა და ქართული მეცნიერების ინტერნეტ სივრცეში ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში 1 ივლისს გამოცხადდა.

კონკურსი ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით განახორციელებს. შედეგად, საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა – ვიკიპედია ქართველოლოგიის, ქართველოლოგ მეცნიერთა, ქართულ ხელნაწერთა, საქართველოს მეცნიერების, მისი დარგებისა და თვალსაჩინო წარმომადგენლების შესახებ სანდო წყაროზე დაფუძნებული მასალებით შეივსება და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/2UF3Epj

კონკურსთან და ტრენინგთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად, სტატიის შესაქმნელად საჭირო ელექტრონული რესურსებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ელფოსტის მეშვეობით: exb.edu@manuscript.ac.ge “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს