გიორგი ვაშაძე - საქართველოში მართლმსაჯულება მიტაცებული აქვს „კლანს“ და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში

საქართველოში მართლმსაჯულება მიტაცებული აქვს „კლანს“ და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ყველაზე რეალისტურია ის, რომ ​სანამ სასამართლოს გასაღები ხალხს არ გადაეცემა, ქვეყანაში არც ეკონომიკა განვითარდება და არც პოლიტიკური ტურბულენციები დაწყნარდება.

„ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ვაიძულოთ „ქართული ოცნება" დაიწყოს ფუნდამენტალური რეფორმები მართლმსაჯულებაში. ამისათვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივა და ეს არის უცხოელ მოსამართლეთა, ექსპერტთა პანელი, რომლებმაც ერთი მხრივ ახალ შერჩევაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, იმისათვის, რომ სანდო ინსტიტუცია ჩაერთოს პროცესში და მეორე მხრივ რევერსულად განიხილოს უკვე დანიშნული მოსამართლეების საკითხი, რამდენად შეესაბამება მათი განვლილი ცხოვრება სტატუსს. ამაზე ინტესიური დიალოგი და დისკუსია გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ასევე საქართველოში მოქმედ არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან და დარწმუნებული ვარ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ მართლმსაჯულების გასაღებს გადავცემთ საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოში ელიტური კორუფცია და კლანური მართლმსაჯულება არის განმაპირობებელი იმ საშინელი გაჭირვების და შიმშილის, რაც ქვეყანაშია და ეს უნდა გვესმოდეს. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი არის გამოვტაცოთ მართლმსაჯულება კლანს", - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო