გიორგი ვაშაძე - ადგეს ახლა გომელაური, პოლიციელის მუნდირი დაიცვას და გამოუწეროს 4500-ლარიანი ჯარიმა ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვოს თეა წულუკიანისთვის

ადგეს ახლა გომელაური წავიდეს, პოლიციელის მუნდირი დაიცვას და გამოუწეროს 4500 ლარიანი ჯარიმა ან მოითხოვოს სასამართლოში 15 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თეა წულუკიანისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა წულუკიანის განცხადებას, სადაც ის პოლიციელებს "ვიღაცებად" მოიხსენიებს.

როგორც მან აღნიშნა, პროტესტში მონაწილეებს ხელისუფლება 4500 ლარით აჯარიმებს, თავად კი ჟურნალისტებზე ძალადობს.

ვაშაძემ ძალადობად შეაფასა გუშინდელი ფაქტი, როცა წულუკიანმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.

"ფაქტი არის ამაზრზენი, ამორალური და ყოველგვარ ნორმას და პრინციპს გადასული. კითხვაზე პასუხი რომ არ აქვს, გადადის აგრესიულ ქმედებაზე, ამას აკეთებს "ოცნების" ყველა პარლამენტარიც. დღეს ჯარიმებზე გვქონდა საუბარი, მოქალაქეებს ვისაც პროტესტის გამოხატვა უნდა 4500 ლარამდე გაუზარდა ჯარიმა „ქართულმა ოცნებამ“, ხოლო თვითონ პირდაპირ ეთერში ძალადობენ ჟურნალისტებზე და ამბობენ, პოლიციელის მუნდირზე ვზრუნავთო, როცა ჯარიმას ზრდიან. 4500- ლარიანი ჯარიმა პროტესტში მონაწილეებს, თვითონ კი ასე საჯაროდ პირდაპირ ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი გამოართვა და განაცხადა, რომ აღარ დაუბრუნებს. ჟურნალისტმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

მოგვიანებით მინისტრმა თეატრის სცენაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მიკროფონს დააბრუნებს 3 ოქტომბერს.

„მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ, ტყუილად ჰყავთ გამოძახებული იქ ვიღაცები, როდესაც 3 ოქტომბერს დილით, ესენი სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი. როდესაც დამარცხდება ის ძალა, რომელიც დღემდე ეჭიდავება საკუთარ ხალხს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა