ირაკლი ქარსელაძე - პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში შერჩეული პროექტების უმეტესობაზე სამუშაოები დაწყებულია

ჩვენი ქვეყნის თვითმმართველი ერთეულების ეკონომიკური გაძლიერებისათვის აუცილებელია მათი ინსტიტუციური განვითარების და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, ასევე - კრიტიკულ და საბაზისო ინფრასტრუქტურაზე, თანამედროვე სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წლიდან ქვეყნის რეგიონებში მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 10 000-მდე ბავშვისთვის 41 სკოლის მშენებლობა დაასრულა.

„2022 წლისთვის, სულ 65 ახალი სკოლა გვექნება აშენებული; დავიწყეთ და გავაგრძელებთ 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, რასაც მალე დაემატება კიდევ 60 სკოლის რეაბილიტაცია; ვაშენებთ 31 საბავშვო ბაღს, საიდანაც 29 ბაღის მშენებლობა უკვე დასრულდა. 4 დიდ ქალაქში - ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ახალციხეში წელს დავიწყეთ თანამედროვე სპორტკომპლექსების მშენებლობა და ეს პროცესი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. შეუქცევადი სახე ექნება რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის არა მხოლოდ ცხოვრებისა და განვითარების სათანადო პირობების შექმნას, არამედ მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასაც გულისხმობს და ამ ჭრილში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი პროგრამა „განახლებული რეგიონები“ უპრეცენდენტო ნაბიჯია“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, ამ პროგრამის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისიც არის, რომ ყველა პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ერთდროულად, უშუალოდ მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე დაყრდნობით და მათგან მიღებული ინიციატივებით განხორციელდება, ამ ეტაპზე კი, პრაქტიკულად ყველა მათგანზე დაწყებულია სამობილიზაციო-მოსამზადებელი სამუშაოები.

ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, ეს პროგრამა იქონიებს ეფექტს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტების ურბანულ განვითარებაზე, არამედ პროგრამაში ჩართულ შესაბამის მოხელეთა კვალიფიკაციისა და გამოცდილების ამაღლებაზე.

გარდა ამისა, ირაკლი ქარსელაძემ მუნიციპალიტეტების მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა:

„ქვეყანაში თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების წინაპირობების შესაქმნელად, მნიშვნელოვანია ქვეყნის დასახლებები განვითარდეს მოწესრიგებულად, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე ინვესტირებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას“.

მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის მოწყობაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია მისი სივრცით-ტერიტორიული მოწყობის სწორად წარმართვა და შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება.

,,სამინისტრო, როგორც სივრცითი მოწყობის პოლიტიკის წარმმართველი, ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გააგრძელებს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პოლიტიკის შემუშავებას, მეთოდურ ხელმძღვანელობას, კოორდინაციასა და მართვას.

ამჟამად შემუშავებულ 73 სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტს დაემატება ბათუმის, ციხისჯვარის, ხადას ხეობის და ქვეყნის სხვა ტერიტორიების სივრცის მოწყობის დოკუმენტები. სამინისტრო გააგრძელებს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების მომზადების პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს