ნიკა მელია - მინდა ვიყო იმ ქალაქის მერი, რომელიც გაუწოდებს დახმარების ხელს იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც გუშინ დაიქირავეს და ქალაქი მორთეს ზიზღის პლაკატებით

მთავარი არის შემდეგი და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქალაქი არის და უნდა იყოს ყველასი, გარდა სიძულვილისა. ამ ქალაქში სიძულვილის და ზიზღის ადგილი არ უნდა იყოს, - ასე ეხმაურება ოპოზიციის ერთი ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დედაქალაქის ზოგიერთ უბანში გაკრულ პალაკატებს, წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას“.

როგორც მელიამ განმარტა, „ქართული ოცნების“ მთავარი ხელწერა სწორედ ძალადობა და შუღლის გაღვივებაა.

„ალბათ, ძალიან მიამიტობა იქნება თუკი ვიტყვით, რომ ვინმეს გაუკვირდა ის, რაც გუშინ ღამე ხელისუფლებამ დამართა თბილისს, თბილისის ქუჩებს და როგორი თბილისი დაახვედრა დღეს დილით თბილისელებს და აქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სტუმრად არიან ჩამოსულები. რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს?! სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს, ამას ბევრი მიზეზი აქვს, რატომღაც გაკვირვებისთვის სივრცე აღარ დაგვიტოვეს, მაგრამ ჩამოვთვლი რამდენიმე მიზეზს.

პირველი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით არის წარმოდგენილი მართვის სადავეებთან, მათი მთავარი საფირმო ნიშანი, მთავარი ხელწერა ხომ სწორედ ეს არის - ძალადობა, ზიზღი, შუღლის გაღვივება, ბოღმის ნთხევა. ამას ახორციელებდნენ მთელი 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით.

მეორე მიზეზი - როდესაც ვიცით, რომ ამ ზიზღის ფრქვევის კამპანიის ავანგარდში დგანან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მაგალითისთვის კულტურის მინისტრი, ქალბატონი წულუკიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებზე ძალადობს და მეტიც, ძარცვავს ჟურნალისტს და ვითომც არაფერი. ამის შემდეგ ჟურნალისტი საპატრულო პოლიციას იძახებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უძლურნი არიან აღასრულონ კანონი, ვიანიდან მათ პოლიტიკური დავალება არ აქვთ, სადაც დასასჯელია დამნაშავე დაისაჯოს და სადაც არ არის დასასჯელი არ დაისაჯოს“, - აცხადებს ნიკა მელია.

მისივე განმარტებით, ზიზღის კამპანიაში ჩართულია პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც.

„პრემიერ - მინისტრი ამ ძალადობის, ამ ზიზღის კამპანიის ფრქვევის ავანგარდში დგას, პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი, რომელიც ძალადობაში ფიზიკურად არის ჩართული, არა უბრალოდ ზიზღის კამპანიას აწარმოებენ, არამედ ძალადობენ კოლეგა ოპოზიციური პარტიის დეპუტაციაზე, სხვათა შორის, ქალ დეპუტატებზე. ამიტომ აქ, გასაკვირი არაფერი არის, მაგრამ მთავარი არის შემდეგი და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქალაქი არის და უნდა იყოს ყველასი, გარდა სიძულვილისა. ამ ქალაქში სიძულვილის და ზიზღის ადგილი არ უნდა იყოს“, - აცხადებს ნიკა მელია.

მისი თქმით, ახლა მთავარია „ყველანი ერთად მტკიცედ მივიდეთ საარჩევნო უბნებთან და ამ ზიზღის კამპანიას გავცეთ პასუხი“.

„ჩვენი შვილები, ჩემი შვილები, კახა კალაძის შვილები ერთად უნდა ცხოვრობდნენ და ერთად მოუწევთ ცხოვრება ამ ქალაქში. ჩვენი ფიქრი მომავალზე უნდა იყოს მიმართული. ჩვენ ვიმსახურებთ ისეთ თბილისს, სადაც სიძულვილი არ ჭარბობს, სადაც არ არის შურისძიება და არის მიტევება. ამისთვის საჭიროა საღი აზრის ფარგლებში მოვექცეთ ყველა და ამ ზიზღის კამპანიის შესაძლებლობა და გასაქანი ხელისუფლებას არ მივცეთ. ეს კამპანია, რომელსაც ივანიშვილის გუნდი აწარმოებს ვერ ჰპოვებს მოჭიდებას. ჩვენთვის მთავარია ყველანი ერთად მტკიცედ მივიდეთ საარჩევნო უბნებთან და ამ ზიზღის კამპანიას გავცეთ პასუხი.

პოლიტიკაზე მეტი არის თბილისი. არ მინდა იმ ქალაქის მერი ვიყო, სადაც ჩემში ვერ დაინახავენ ობიექტურ მერს. მე მინდა ვიყო იმ ქალაქის მერი, რომელიც ზუსტად ისეთნაირად გაუწოდებს დახმარების ხელს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, აქტივისტსაც კი, აი იმ ადამიანებსაც კი, რომელიც გუშინ ღამით დაიქირავეს და ქალაქი მორთეს ზიზღის პლაკატებით. მინდა ვიყო ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის მერი. გუნდი, რომლითაც გადამწყვეტ არჩევნებში შევედით ამ და სხვა პრობლემებს მოაგვარებს და მოაგვარებს ერთ დღეში. როდესაც ეცოდინება ნებისმიერი სივრცის და დროის ქალაქის მერს, თუკი ის გადადგამს დანაშაულებრივ ნაბიჯს და ამაზე პასუხს მოსთხოვს თუნდაც საკრებულოს თავმჯომარე ან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ამას ვერ ჩაიდენს და ვერ გაბედავს ვერც ერთი მერი. როდესაც დღეს მიტაცებული აქვთ ყველა სახელისუფლებო შტო, ბუნებრივია მათ დანაშაულის ჩადენა ნორმათ ექცათ“, - განაცხადა მელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო