ნებისმიერი ხარჯი, რომელიც გაიწევა კოვიდ ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ, სრულად იფარება სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ყველა ხარჯი, რომელიც კოვიდ პაციენტს დასჭირდება - მათ შორის ძვირიანი პრეპარატის, „ტოცილიზუმაბი“, ანაზღაურებული იქნება სახელმწიფოს მიერ.
"იმ კლინიკას, რომელიც გასწევს ხარჯს "ტოცილიზუმაბთან" ან ნებისმიერ სხვა მედიკამენტთან დაკავშირებით, სრულად აუნაზღაურდება ხარჯი.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნამდვილად არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ პაციენტის ოჯახმა მოიტანოს წამალი. ჩვენ ასევე ვმუშაობთ მწარმოებელთან - "როშეს" ფირმასთან, რომელიც არის მწარმოებელი და შემომტანი. კომერციული გზით დღეს მედიკამენტი ქვეყანაში არსებობს, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტად გამარტივდეს ეს და სახელმწიფო შეკვეთა ამ მედიკამენტზე იყოს მკაფიო და გამართული.
წამალი არსებობს სააფთიაქო ქსელში. კლინიკამ იცის სად შეიძლება მისი შეძენა, ხოლო ჩვენ ფაქტობრივი ხარჯით ვანაზღაურებთ ამ მედიკამენტის ღირებულებას. წინასწარ სახელმწიფოს მხრიდან ამ მედიკამენტის შესყიდვა არ ხდება. კლინიკა ამ მედიკამენტს გამოიყენებს ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მედიკამენტს. გაუგებარია, კონკრეტულად ამ პრეპარატზე რატომ ჩამოყალიბდა ასეთი პრობლემა. დიდი ხანია ეს მედიკამენტი გაიდლაინშიც არის შეტანილი და ის საკითხი არ დგას, რომ სამინისტრომ მის ანაზღაურებაზე უარი თქვას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ „რემდესივერის“ შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ პრეპარატს საქართველოში გამოიყენებენ, რადგან მასზე აშშ-ის წამლის სააგენტოს მხრიდან რეკომენდაცია არსებობს.
„ჩვენივე გაიდლაინშიც "რემდესივერი" შეტანილია, როგორც ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება. "რემდესივერი" ჩვენ დონაციის სახით მივიღეთ „გილიადისგან“. ეს არის 1000 პაციენტისთვის საჭირო დოზა. კვლევები მიმდინარეობს, ჯერჯერობით საკმარისი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ "რემდესივერი" არ უნდა გამოვიყენოთ, არც ამერიკულ გაიდლაინებშია ასახული. მართალია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავს იკავებს "რემდესივერის" ხელშემწყობი რეკომენდაციის გაცემაზე, თუმცა ამერიკულ პრაქტიკასა და გაიდლაინებზე დაყრდნობით ჩვენ პრაქტიკაში "რემდესივერი" გამოიყენება და ჩვენი ინდივიდუალური შემთხვევების გამოსავლები არის საკმაოდ კეთილსაიმედო. ეს არის მიმდინარე პროცესი და კვლევების შედეგს ჯერ კიდევ ველოდებით“, - აღნიშნა გაბუნიამ.