ნიკა სიმონიშვილი - საგამოძიებო კომისიის დასკვნა დასკვნად დარჩება - მისი სერიოზულობა ეჭვქვეშაა

ეს დასკვნა დასკვნად დარჩება და კონკრეტულ შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ხელისუფლება რასაც ამბობდა, იმას ამბობს, ოპოზიცია რასაც ამბობდა, გააგრძელებს ისევ იმის თქმას, - ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას.

მისივე თქმით, „კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები აჩვენებს იმას, თუ საით სცადა კომისიამ ეს ყველაფერი წაეყვანა, ვინაიდან 5 რეკომენდაციიდან 3 არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიებისადმი იყო მიმართული და მხოლოდ 2 რეკომენდაცია გაიცა „იმის მიმართ, ვის მიმართაც უნდა გაცემულიყო“.

„თუმცა, ესეც ზოგადი რეკომენდაცია იყო და ფაქტობრივად, არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს და ერთგვარად მიუთითებს იმაზე, რომ მმართველმა ძალამ სცადა ეჩვენებინა ის, რომ არჩევნებზე სერიოზული არაფერი მომხდარა, სერიოზული დარღვევები არ ყოფილა, არც წინასაარჩევნოდ და არც კენჭისყრის პერიოდში და ეს ყველაფერი უბრალოდ გამუქებული იყო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

დღეს, მაგალითად მოვისმინეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა მოსყიდვის კონკრეტულ ფაქტებზე არ იყო საუბარი, თითქოს საუბარი იყო მხოლოდ ვარაუდებზე, თითქოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის გამიჯვნაზე კონკრეტული მაგალითები არ იყო... უხერხულია ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ საგამოძიებო კომისიაზე რომ ვიყავი, არც ერთი კითხვა არ იყო დასმული წინასაარჩევნო პერიოდთან მიმართებით და დასმული იყო ყველა კითხვა შემაჯამებელ ოქმებთან მიმართებით, რაზეც პირდაპირ ვუთხარი კიდეც, რომ შემაჯამებელი ოქმები არის ის საკითხები, სადაც გაყალბების პრობლემა ყველაზე ნაკლებად უნდა ვეძებოთ. თუ გვინდა, რომ გაყალბების პრობლემები ვეძებოთ და ამომრჩევლის ნებაზე რეალური ზემოქმედების საკითხები, უნდა ვეძებოთ წინასაარჩევნო პერიოდში და უბნის გარეთ“, - აცხადებს სიმონიშვილი.

მისივე განმარტებით, დასკვნის სერიოზულობა ეჭქვეშაა.

„ეს დასკვნა დასკვნად დარჩება და კონკრეტულ შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ხელისუფლება რასაც ამბობდა, იმას ამბობს, ოპოზიცია რასაც ამბობდა, გააგრძელებს ისევ იმის თქმას. რადგან პროცესი კონსენსუსზე დაფუძნებით ნაკლებად იყო, ოპოზიცია ფაქტობრივად არც მონაწილეობდა ამ პროცესში. ეს დასკვნა, რა თქმა უნდა, დასკვნად დარჩება, რადგან ამ დასკვნას ოპოზიციის მხრიდან სანდოობა არ ექნება.

რეკომენდაციების უმრავლესობაც საერთოდ არ მიემართება იმას, ვისაც უნდა მიემართებოდეს, ეს ფაქტიც საუბრობს თავის თავზე და ამ დასკვნის სერიოზულობას პირიქით, ეჭქვეშ აყენებს“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან გამოვლენილ გულგრილობას და დაბალ კომპეტენციას უკავშირდება. მათივე აზრით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს