ვანო მაჭავარიანი - მნიშვნელოვანია ამომრჩეველს ჰქონდეს მესამე ძალისთვის ხმის მიცემის არჩევანი, იქნება  ეს ვაშაძე, პეტრე თუ პავლე

თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური ხმა მათკენ წავა, ეს არასწორი იქნება - მნიშვნელოვანია, ადამიანს ჰქონდეს მესამე ძალისთვის ხმის მიცემის არჩევანი. იქნება ეს ვაშაძე, პეტრე თუ პავლე - თუ ვინმე შეძლებს ამომრჩევლის მობილიზებას, ეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს წაადგება,- ამის შესახებ ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ პროგნოზებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მესამე ძალის ნიშის ადგილის დაკავებას გიორგი გახარია ცდილობს, თუმცა „მან ჯერჯერობით როგორც პოლიტიკურმა პარტიამ პოზიციონირება ვერ შეძლო“.

„უნდათ, რომ იგივე წრე შემოგვთავაზონ, რითაც არჩევნები მთავრდება ხოლმე, ამას გვთავაზობს „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“. „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ უნდა ხელისუფლების დათმობა არანაირ პირობებში. ელემენტარული პროცენტების დათმობა არ უნდოდა. სადავო რაც იყო - 4-5%, ამაზეც კი ასეთი პრობლემური სიტუაცია შექმნეს და დაისტრესეს, მექანიკურად დაიწყეს ოქმების გადაკეთება. მათი განცხადებებიდან გამომდინარე მათთვის მთავარი არ არის მხოლოდ კალაძის არჩევა, რომელიც რაღაც პირობებით შემოვიდა. ძალიან უცაბედად გახდა ავად, უცაბედად გავიდა პოლიტიკური სივრციდან, გახარიას წასვლამ დააბრუნა კალაძე და როგორც ჩანს, ის დაბრუნდა ახალი შესაძლებლობებითა და პირობებით. ამ ადამიანს არ ეტყობა, რომ ავად არის. ბიძინა ივანიშვილს აქვს ასეთი სტილი - უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ თვეში დაბრუნდა უნივერსიტეტში, კარგი თანამდებობა აქვს. კალაძე ხდება ავად, განვიცდით, გახარია გადადგა, გახარიას გადადგომამ კალაძეს გაუხსნა შესაძლებლობა, „ოცნებაში“ ლიდერი იყოს.

თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური ხმა მათკენ წავა, არასწორი იქნება, დავინახეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ლიმიტი. ე.წ. "არანაცი" და "არაქოცი" ამომრჩეველი რჩება სახლში ან იხრება „ქართული ოცნებისკენ“ და ცარიელი მესამე ძალის ნიშა ცარიელი რჩება, ამის შევსებას ცდილობს გახარია, მაგრამ მისი ამომრჩეველი ისევ „ოცნების“ ამომრჩეველია, რადგან მან ჯერჯერობით როგორც პოლიტიკურმა პარტიამ პოზიციონირება ვერ შეძლო და ვერც გააკეთებს.

მესამე ძალების შექმნამ შეიძლება გააერთიანოს ოპოზიციური ძალები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ კალთის ქვეშ არ არიან - ეს თემა მიმზიდველად მიმაჩნია იმიტომ, რომ ეს ხმები დაიკარგება - გადავა გახარიასკენ. არ უნდათ არჩევანი „კოკა-კოლასა“ და „პეპსის“, ანუ „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ კანდიდატს შორის. გახარია არის „ოცნების“ ამომრჩეველი, რომელიც იმედგაცრუებულია კობახიძე -თალაკვაძით და მეორე მხრივ, 2020-ის არჩევნებზე გახარიას პრემიერობას მისცა ხმა. მნიშვნელოვანია, ადამიანს ჰქონდეს მესამე ძალისთვის ხმის მიცემის არჩევანი. იქნება ეს ვაშაძე თუ პეტრე და პავლე - თუ ვინმე შეძლებს ამომრჩევლის მობილიზებას, ეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს წაადგება“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

გარდა ამისა, მაჭავარიანმა ისაუბრა არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზეც და აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით კითხვებს არ აქარწყლებს.

„როგორც ჩანს, „ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენოს, რომ ეს გამოიკვლია და იგივე დასკვნამდე მივიდა, რაზეც თავის დროზე საუბრობდნენ. ეს არ ქმნის კონსენსუსს საზოგადოებაში და შეთანხმებას პოლიტიკურ პარტიებს შორის. ხელს არ უწყობს ნდობას, რომელიც ამ არჩევნებმა წაშალა“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება პარლამენტის დღის წესრიგში არსებულ კიდევ ერთ საკითხს - ცესკო-ს დაკომპლექტებას, მაჭავარიანის აზრით, იყვნენ პიროვნებები, რომლებზეც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შესაძლებელი იყო, თუმცა „ქართული ოცნება“ აგრძელებს პრინციპს - „ან ყველაფერი ან არაფერი“.

„2021-ში 43%-იანი ზღვარი, როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ 6- თვიანი მექანიზმი აწყობთ, ოღონდ 2021 ისე ჩატარდეს, რომ 43%-იან ზღვარს გადააბიჯონ. ეჭვი მაქვს, რომ ამუშავდება იგივე მექანიზმები, რასაც ისინი პანდემიას, არაკომპეტენტურობას და სტრესს აბრალებდნენ, იმ ადამიანების პირობებში, რომლებსაც მათ კომისიის თავმჯდომარეობა და წევრობა შესთავაზეს. ამიტომ, ვფიქრობ, ისევ იმ წერტილში ვართ, როდესაც ვიყავით 2020-ში, როდესაც ნდობა ამ არჩევნების მიმართ იყო პრობლემური“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა