მეთიუ ბრაიზა - არაკეთილგონივრულია იმ ხელშეკრულების მიტოვება, რომელიც შარლ მიშელთან და ევროპულ კომისიასთან ერთად იქნა გაფორმებული

ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება, გაარკვიოს, თუ როგორ გამოვიდეს ამ კრიზისიდან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირების თაობაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

აშშ-ის ყოფილი დიპლომატის თქმით, ის იმედგაცრუებული დარჩა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმ ხელშეკრულების ანულირება გადაწყვიტა, რომელიც, როგორც ევროპული კომისიის ჩართულობით, ასევე საქართველოსთვის დიდი მიღწევა იყო.

„ბატონი კობახიძის განცხადებით, რომ "ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებას ტოვებს, იმედგაცრუებული დავრჩი. ეს მართლაც ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი მიღწევა იყო ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით და ასევე, დიდი მიღწევა იყო თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის. ამან 6-თვიანი ჩიხიდან გამოსვლას შეუწყო ხელი, რაც საქართველოს რეპუტაციას ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მთელ ტრანსატლანტიკურ რეგიონში ნამდვილად აზიანებდა. კი, რა თქმა უნდა, მესმის იმედგაცრუება იმის გამო, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, როგორიცაა "ნაციონალური მოძრაობა", 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, მაგრამ საქართველოსთვის და მისი ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისათვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუკი ევროკავშირსა და აშშ-სთან ერთად, მაინც იარსებებდა ამ უთანხმოების მოგვარებისკენ წინსვლის შანსი.

ასე რომ, მივესალმები მაგალითად, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის აღშფოთებულია "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვებით, დაელოდება ევროკავშირისა და აშშ-ს რეაქციას. ვფიქრობ, ეს გონივრული მიდგომაა და იმედი მაქვს, რომ დაძაბულობა ცოტათი შემცირდება, შემდეგ კი ორივე, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია შეძლებს, კეთილგონიერი იყოს, გადალახოს მოუთმენლობა და უნდობლობა მეორე მხარის მიმართ და საქართველოს დემოკრატიული განვითარება თავის რელსებზე დააბრუნოს“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, მთავრობამ და ოპოზიციამ მოკლევადიანი გაღიზიანების დაძლევა და ერთად მუშაობა საერთო მიზნის გამო უნდა მოახერხონ, თუმცა პირველ რიგში, კრიზისიდან გამოსვლის პასუხისმგებლობა მთავრობაზეა.

„როგორც ამერიკელი და აშშ-ს ყოფილი თანამდებობის პირი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველომ და ყველა ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არ მოსწონთ მათ ერთმანეთი, კვლავ ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და საქართველოს მოსამზადებლად ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ამიტომ, ყველამ უნდა გადალახოს მოკლევადიანი გაღიზიანება, კი ბატონო, მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც მოკლევადიანი პოლიტიკური დავები და წინ წასწიოს საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში სრული წევრობა.

მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება, გაარკვიოს, თუ როგორ გამოვიდეს ამ კრიზისიდან და დარწმუნდეს, რომ ქვეყანაში არსებულ კანონის უზენაესობას ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში სანდოდ ხედავენ. პრობლემურია რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ფიასკო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ 19 აპრილის შეთანხმების მიღმა; სატელეკომუნიკაციო თუ სატრანსპორტო სექტორში არსებობს ბიზნეს დავები, რომლებიც საქართველოში კანონის უზენაესობის ხელშეუხებლობაზე ასევე კითხვებს აჩენს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა იპოვის გზას, დაარწმუნოს ოპოზიცია, რომ ის წინსვლისთვის მზადაა და ამის ერთგულია. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, არაკეთილგონივრულია იმ ხელშეკრულების მიტოვება, რომელიც შარლ მიშელთან და ევროპულ კომისიასთან ერთად იქნა გაფორმებული“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით