სალომე სამადაშვილი - მე არ შემიძლია ამ ეტაპზე რაიმე გამოვრიცხო, თუმცა, იმას, რომ ბოიკოტში გადავიდეს ოპოზიცია, აქვს თავის მინუსები - ეს არის ფართო მსჯელობის საკითხი

ჩვენ არ გვაქვს არც ემოციური, არც სპონტანური და არც მოუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღების ფუფუნება - შეიძლება დიდი ხნით, თაობები დაემშვიდობონ თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრების შანსს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა" საქართველოსთვის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის ბოიკოტირება შესაძლოა, იყოს ლოგიკური გადაწყვეტილება, თუმცა, მას აქვს თავის მინუსებიც, ამიტომ ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს მოვლენების ყველა შესაძლო განვითარების სცენარზე და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. ამ მხრივ მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებიც.

„მართლა გადამწყვეტი მომენტია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თუ ჩვენ დღეს დემოკრატიული ოპოზიცია არ მოვახერხებთ სწორი გამოსავლის მოძებნას, შეიძლება დიდი ხნით, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თაობები დაემშვიდობონ თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრების შანსს. ამიტომ, ჩვენ შეცდომის უფლება ისტორიის წინაშე არ გვაქვს. მე ვერიდები რაიმე კატეგორიული განცხადების გაკეთებას, რომ ასე უნდა მოიქცეს ვინმე ან სხვანაირად, ეს არის საკუთარი გადაწყვეტილება ჯაფარიძის ან სხვა ნებისმიერი პოლიტიკოსის, მე მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს ყველა შესაძლო განვითარებაზე მოვლენების და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სწორი.

მე არ შემიძლია ამ ეტაპზე რაიმე გამოვრიცხო, თუმცა, იმას, რომ ბოიკოტში გადავიდეს ოპოზიცია, აქვს თავის მინუსები. ეს არის ფართო მსჯელობის საკითხი. პარლამენტიდან გასვლას რაც შეეხება, შეთანხმების საფუძველზე მოხდა ჩვენი პარლამენტში საქმიანობის გაგრძელება და ამიტომ ლოგიკურია ის პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ თუ შეთანხმება აღარ არის, მაშინ ოპოზიციამ რატომ უნდა გააგრძელოს პარლამენტში საქმიანობა. თუმცა, აქ ჩნდება შეკითხვა, რა სურს "ქართულ ოცნებას". როგორც ჩანს, ჩვენ ვნახეთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გასცა დაპირება, რომ კონსტიტუციას მაინც შეცვლის, თუმცა, გაურკვეველია როგორ შეიცვლება კონსტიტუცია თუ ოპოზიცია პარლამენტში აღარ იქნება. ამიტომ, ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ მარტივად. მათ შორის, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინები, ჩვენ მათთან ვაწარმოებთ კონსულტაციებს და ამის შედეგად ჩამოვყალიბდებით, თუ რა იქნება სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა