არჩილ თალაკვაძე - მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება, როცა მთავარი ოპოზიციური პარტია და რადიკალიზაციის მთავარი წყარო 100 დღეა არც შეთანხმებას შეერთებია და არც პროცესების რადიკალიზაცია შეუწყვიტავს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ 100 დღეა „არც მიშელის შეთანხმებას შეერთებია და არც პროცესების რადიკალიზაცია შეუწყვიტავს“.

ამის შესახებ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებს გაუმჯობესებული რეგულაციებით, კონკურენტულ გარემოში ჩაატარებს და არჩევნების დასრულებიდან 1 თვეში, „რადიკალური ძალების დღის წესრიგი ამოიწურება“.

„პრეზიდენტ მიშელის, ამერიკის საელჩოს და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა, ისე, რომ ბოლოს ამან ცალმხრივი ხასიათი მიიღო, რაც შეთანხმების იდეას ეწინააღმდეგება.

შეთანხმება რომელსაც ხელს 115 დეპუტატი აწერდა, მართლაც გაუქმდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 115-დან 84 დეპუტატი უმრავლესობის წევრია. ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს და ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას(!) ამ დოკუმენტზე ხელი არ აქვს მოწერილი. მეტიც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არათუ სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ გადადგა ნაბიჯები, არამედ ამ დოკუმენტის გამოყენებით კიდევ უფრო მეტად შეეცადა პროცესების რადიკალიზაციას, გაზარდა დაპირისპირების დონე და სრულად ჩართო დეზინფორმაციის მანქანა.

შესაბამისად, ბუნებრივია, მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია და რადიკალიზაციის მთავარი წყარო 100 დღეა არც მიშელის შეთანხმებას შეერთებია და არც პროცესების რადიკალიზაცია შეუწყვიტავს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა და შემდგომმა პოლიტიკურმა მოლაპარაკებებმა, რომელიც პრეზიდენტ მიშელის შეთანხმებით დასრულდა, უზრუნველყო პარლამენტში მრავალპარტიული წარმომადგენლობა და წერტილი დაუსვა „ნაციონალური მოძრაობის“ მონოპოლიას ოპოზიციაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდი „ქართული ოცნება“ მომავალზეა ორიენტირებული და საზოგადოების მხარდაჭერით, მზად არის კიდევ ერთი გამარჯვებისთვის! შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც გამჭვირვალედ, გაუმჯობესებული რეგულაციებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩავატარებთ. შედეგად, თვითმმართველობის არჩევნების დასრულებიდან დაახლოებით 1 თვეში, რადიკალური ძალების დღის წესრიგი ამოიწურება, ქვეყანას ექნება შესაძლებლობა მოიპოვოს სიმშვიდე და ხელისუფლების ეფექტური მუშაობით, მოქალაქეთა ჩართულობით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გადავიდეს განვითარების ნორმალურ რეჟიმში“,- აცახდებს თალაკვაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს