დავით ბაქრაძე - სწორი ემოციური პასუხი ბოიკოტი იქნებოდა, მაგრამ სწორი პოლიტიკური პასუხია დასავლელ პარტნიორებთან ერთად ბრძოლის გაგრძელება - წაგების უფლება არ გვაქვს

სწორი ემოციური პასუხი ბოიკოტი იქნებოდა, მაგრამ სწორი პოლიტიკური პასუხია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ბრძოლის გაგრძელება ამ ქვეყნის მომავლისთვის - ამ ბრძოლაში წაგების უფლება არ გვაქვს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანა კიდევ ერთხელ შეიყვანა ბეწვის ხიდზე, საიდანაც შეიძლება გადაიჩეხოს.

„გუშინდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საკუთარი პარტიული ინტერესისთვის მზად არის ქვეყანა შეიყვანოს დაძაბულობის და არასტაბილურობის სპირალში, მზად არის ქვეყანას მოუტანოს დამატებითი პრობლემები და ეს ყველაფერი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესიდან გამომდინარე. გუშინდელი გადაწყვეტილებით ყველა ერთად კიდევ ერთხელ შევედით ბეწვის ხიდზე, საიდანაც ქვეყანა შეიძლება გადაიჩეხოს, გადაიჩეხოს დაპირისპირების, პოლარიზაციის და ძალადობის უფსკრულში, საიდანაც ამოსვლის შანსი შექმნა სწორედ 19 აპრილის შეთანხმებამ და გუშინ ეს შანსი „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია.

მე განვაცხადე, რომ გადაწყვეტილებას მივიღებდი ორი მთავარი ფაქტორიდან გამომდინარე, იმ ორი ფაქტორიდან, რომელიც გადამწყვეტია „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის - ეს გახლავთ ოპოზიციის ერთიანობა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია. დღეს გამოჩნდა ოპოზიციური პარტიების სრული უმრავლესობის აზრი, რომ ისინი აგრძელებენ ბრძოლას - ბრძოლა გრძელდება პარლამენტშიც და ბრძოლა გრძელდება ადგილობრივ არჩევნებზეც.

მე ვიზიარებ ამ პოზიციას და ვუერთდები ოპოზიციის აბსოლუტური უმეტესობის ერთობას, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ბრძოლა გაგრძელდება პარლამენტშიც და ადგილობრივ არჩევნებზეც. ასევე, გამოჩნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია და უმძიმესი განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ამ ბრძოლაში დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ სწორედ ოპოზიცია არის მათი სანდო პარტნიორი, მეგობარი საქართველოში, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც დგას ოპოზიცია. გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ გაავლო გამყოფი ზოლი. ამ ზოლის ერთ მხარეს დგას ხელისუფლება რუსული მომავლის საფრთხით და მეორე მხარეს დგას ოპოზიცია, დასავლეთი და ქართული საზოგადოება, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებაც არის აბსოლუტურად ცალსახა. ემოციით მე ისევ იგივე აზრზე ვარ, რომ სწორი ემოციური პასუხი ბოიკოტი იქნებოდა, მაგრამ სწორი პოლიტიკური პასუხია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ბრძოლის გაგრძელება ამ ქვეყნის მომავლისთვის, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ბრძოლის გაგრძელება თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის იმიტომ, რომ ამ ბრძოლაში წაგების უფლება ჩვენ აღარ გვაქვს. ეს არის ბრძოლა იმისთვის, თუ სად იქნება საქართველო - რუსეთში თუ დასავლურ და ევროპულ სივრცეში, ჩვენ ამ ბრძოლაში წაგების უფლება არ გვაქვს და ბუნებრივია, მე ამ ბრძოლაში ვრჩები დანარჩენ პარტნიორებთან ერთად”, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო