„უფლებები საქართველომ“ გაძევების საფრთხის წინაშე მყოფი უცხოელი მიგრანტების დასახმარებლად  ახალი პროექტი დაიწყო

„უფლებები საქართველომ“, გაძევების საფრთხის წინაშე მყოფი უცხოელი მიგრანტების დასახმარებლად, ახალი პროექტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, „უფლებები საქართველო“ მიგრანტებს საქართველოდან გაძევება-არგაძევების საკითხებში უფასო სამართლებრივ დახმარებასა და კონსულტაციებს გაუწევს.

„სამართლებრივ დახმარებასთან ერთად, „უფლებები საქართველო“ აქტიურად იმუშავებს სახელმწიფო სერვისების შესახებ მიგრანტების ინფორმირებაზე. გარდა ამისა, მომზადდება კვლევები, რომელიც ხელს შეუწყობს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ პრაქტიკასა და კანონმდებლობაში პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრას.

ახალი პროექტი, ორიენტირებული იქნება, აგრეთვე, იმ პრაქტიკის შეცვლაზე, რომლის დროსაც გასაძევებელ პირს აკავებენ და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ათავსებენ მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა გასაძევებელი პირის მიმართ ალტერნატიული ზომების გატარების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

„უფლებები საქართველოს“ იურისტები დაეხმარებიან გაძევების საფრთხის წინაშე მყოფ მიგრანტებს, რომ მათ ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ე.წ. არგაძევების პრინციპით, რომლის საფუძველზეც, პირს შეიძლება მიენიჭოს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება და მასზე გაიცეს შესაბამისი კატეგორიის ბინადრობის დროებითი მოწმობა.

პროექტი „გაძევებისა და არგაძევების პროცედურებში უცხოელებისათვის სამართლებრივი დახმარება და მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხების კვლევა“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ,,უფლებები საქართველოს“ შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Brot für die Welt “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო