გიორგი ვაშაძე  შარლ მიშელს ღია წერილით მიმართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ღია წერილით მიმართავს, სადაც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება, რომელმაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

მიმართვაში გიორგი ვაშაძე შარლ მიშელს სთხოვს, დროულად მოახდინოს რეაგირება და მომხდარის გამო ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენოს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც მხოლოდ მკაფიო და მკვეთრი გზავნილები და აღსრულების მექანიზმები აიძულებს, შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

“28 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების: „საქართველოს სამომავლო გზის“ ცალმხრივად ანულირების განაცხადით, უარი თქვა ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და კვლავ რადიკალიზაციის და დაპირისპირების გზას დაადგა.

19 აპრილის პოლიტიკურმა შეთანხმებამ გააჩინა შესაძლებლობა არამხოლოდ რთული პოლიტიკური კრიზისის დასრულების, არამედ რეალურად გაჩნდა პერსპექტივა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ხელისუფლების არჩევნების გზით დემოკრატიულად ცვლილების. სწორედ ამიტომ ამ შეთანხმებამ მოიპოვა ნდობა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაში და ხაზი გაუსვა დასავლეთის განსაკუთრებულ როლს, ქვეყნისთვის მძიმე დროს.

ჩვენი ბოლო შეხვედრისას ბათუმში, განვაცხადეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთანხმების ცალკეული ნაწილის დარღვევის შესახებ, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა შეთანხმების სრულად შესრულებას. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დიპლომატიური ენა, არ არის საკმარისი, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისი დასტურიც არის ცალმხრივად ამ შეთანხმებიდან გასვლა. დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თქვენი აქტიური ჩართულობა, რათა თავიდან ავიცილოთ გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისი და პროცესების რადიკალურად განვითარება, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესში შედის.

თქვენს განცხადებაში, შეთანხმებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელის არ მოწერის თაობაზე ყურადღების გამახვილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს მოცემულობა ცხადი და თვალნათელი იყო ხელმოწერისთანავე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობა გადანაწილებული იყო მხოლოდ პროცესში მონაწილე ხელისმომწერ მხარეებზე.

მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც მხოლოდ მკაფიო და მკვეთრი გზავნილები და აღსრულების მექანიზმები აიძულებს, შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

ვადასტურებთ მზაობას, თქვენთან ერთად მივიღოთ კონსულტაციებში მონაწილეობა. გთხოვთ დროული რეაგირებისა და ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებისკენ, რათა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას დემოკრატიული გზით განვითარების და ხალხის მიერ არჩეული პროდასავლური კურსის უზრუნველყოფის”, - ნათქვამია გიორგი ვაშაძის მიმართვაში.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს