ბაგრატის ტაძარში დაზიანებული ფასადის კედლების გაწმენდის გზების დასადგენად ექსერტიზა დაინიშნა

ბაგრატის ტაძარში გადახურვის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გუმბათიდან წვიმის დროს ჩასული წყლის შედეგად დაზიანებული ფასადის კედლების გაწმენდის გზის დასადგენად, კულტურის სამინისტრომ ექსერტიზა დანიშნა.

ტაძარში არსებული პრობლემების გასაცნობად ადგილზე იმყოფებოდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც იმედოვნებს, რომ სამინისტროს ძალისხმევის შედეგად წლის ბოლომდე ბაგრატის ტაძარში არსებული პრობლემები ეტაპობრივად აღმოიფხვრება.

თეა წულუკიანმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, სასულიერო პირებთან და არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესთან ერთად ტაძრის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

კულტურის სამინისტროს ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე 2009-2012 წლებში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად შექმნილია ინფრასტრუქტურული პრობლემები როგორც გადახურვისა და ფასადის მიმართულებით, ისე ტაძრის შიდა სივრცეში, სადაც გადახურვის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გუმბათიდან წყალი ჩაედინება. ტაძრის სპილენძის სახურავიდან წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება მწვანედ ღებავს და აზიანებს ფასადის კედლებს, რაც შეძენილი მასალის უხარისხობაზე შეიძლება მიუთითებდეს. სამინისტროს ინიციატივით დაინიშნა ექსპერტიზა, რათა დადგინდეს დაზიანებული ქვების გაწმენდის გზა.

შეგახსენებთ, ბაგრატის საკათედრო ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში 2009 - 2012 წლებში სახელმწიფოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან და მის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე განხორციელდა, რასაც შედეგად მოჰყვა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილება ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში შეყვანის შესახებ. სახელმწიფოს მიერ სამუშაოების დაჩქარებულ ტემპში წარმოებამ ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი 2012 წელს საბოლოოდ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების გარდაუვალი რეალობის წინაშე დააყენა. 2017 წელს, მთავრობის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შედეგად, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას დამოუკიდებლად დაუბრუნდა მხოლოდ გელათის სამონასტრო კომპლექსი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა