საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით დისკუსია შედეგის წინასწარ განჭვრეტისა თუ დათქმის გარეშე დაიწყება.
როგორც მან ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, სწორედ ეს არის კონსტიტუციური ჩარჩო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს განხილვის, დისკუსიის, შეჯერების შედეგი და არა წინასწარ ცნობილი შედეგებით განხილვების მოწყობა.
„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენ ამ დისკუსიაში შევდივართ შედეგის წინასწარ განჭვრეტისა თუ დათქმის გარეშე და მზად ვართ ამ დისკუსიისთვის.
სწორედ ეს არის კონსტიტუციური ჩარჩო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს განხილვის, დისკუსიის, შეჯერების შედეგი და არა წინასწარ ცნობილი შედეგებით განხილვების მოწყობა.
ამიტომ არგუმენტები და მსჯელობის შედეგი რაც იქნება, რასაც ჩავთვლით ყველა, რომ იქნება რაციონალური, მათ შორის, საყოველთაო სახალხო განხილვის შედეგად, ეს იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგი. უბრალოდ წინასწარ განსაზღვრული შედეგები არ იქნება,“- განაცხადა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მიერ გაკეთებულმა განმარტებამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, გაუგებრობა გამოიწვია ფრაქცია „ლელო - პარტნიოტრობა საქართველოს“ წევრისთვის, სალომე სამადაშვილისთვის, რომელმაც დააზუსტა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებს იმ ფორმით, რომელიც შეთანხმებული იყო 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში.
„ანუ თქვენ ამბობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებთ იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ შევთანხმდით 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში? შეთანხმების ნაწილი იყო, რა სახის ცვლილებებს განვახორციელებთ ჩვენ კონსტიტუციაში და ამის რევიზიასაც აკეთებთ?“, - მიმართა სამადაშვილმა შალვა პაპუაშვილს, რის საპასუხოდაც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ 19 აპრილის შეთანხმება აღარ არსებობს.