დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ სპეციალურ რეზოლუციას ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს

დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ სპეციალურ რეზოლუციას, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, მხარს ოპოზიციის ნაწილიც უჭერს.

რეზოლუციის პროექტი უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული, თუმცა, მის მიმართ რიგმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე ღია მხარდაჭერა გამოხატეს.

როგორც ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, დეოკუპაციის კუთხით ბევრი პრობლემაა დაგროვილი და მიუხედავად იმ პოლიტიკური ვითარებისა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანია.

რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ასევე ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, არის თემები, რომელიც პარტიულ ხაზზე მაღლა დგას და ისინი დაუჭერენ მხარს რეზოლუციას და ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც სიტყვით თუ საქმით წაადგება სახელმწიფო ინტერესების დაცვას.

რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ასევე „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ არის საკითხები, რაც უნდა აერთიანებდეთ. მისივე თქმით, დიდი სიამოვნებით აწერს ხელს ამ დოკუმენტს და იმედს იტოვებს, რომ ეს დოკუმენტი იქნება ქმედითი და ეფექტური.

ცნობისათვის, რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ლევან მახაშვილი.

რეზოლუცია ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია.

ამასთანავე, რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − ოკუპაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დეოკუპაცია, გააუქმოს მათი ე.წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება, შეწყვიტოს ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობა და დანაშაულების ჩადენა და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. რეზოლუცია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, განავითაროს დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა და ინკლუზიური და ყოვლისმომცველი პოლიტიკა. რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიკავოს თანამიმდევრული, ერთიანი და გადამწყვეტი პოზიცია რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და გამოხატავს მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური და პროაქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან ამ მიმართულებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო