გია ვოლსკი პრეზიდენტზე - როცა ვითარებას აფასებ, უნდა იყო უფრო ზუსტი და დაბალანსებული - მან არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც დესტრუქციული პროცესების მცდელობა ჰქვია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, შარლ მიშელის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლის თაობაზე პრეზიდენტის განცხადებას „დაბალანსება აკლდა“.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, „როცა ვითარებას აფასებ, უფრო ზუსტი და დაბალანსებული უნდა იყო“.

„ვფიქრობ, შეთანხმების დარღვევა, გაუქმება კარგი არ არის, მით უფრო, რომ შეთანხმების პათოსი გვკარნახობდა, პოლიტიკურ სუბიექტებს კონსენსუსის საშუალება მოეძებნათ. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, ვინაიდან შეთანხმებიდან გასვლა ერთია, ამას სერიოზული საფუძველი და წინაპირობა აქვს. მეორეა, როცა შეთანხმებას საერთოდ არ უერთდები, რაზეც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა, ვინაიდან უკვე ნათელი იყო სიტუაცია რა მიმართულებით ვითარდებოდა. პრეზიდენტმა გაანალიზა ისე, როგორც ხედავს, გაანალიზა შედეგები. ცუდია შედეგი, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე პოლიტიკური სუბიექტები რესურსს ვერ ნახულობენ, რათა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე საერთო პოზიციები შეიმუშაონ, მაგრამ როცა ვითარებას აფასებ, უნდა იყო უფრო ზუსტი და დაბალანსებული. მმართველ პარტიას გარკვეული ვალდებულებები აქვს, მაგრამ რეალობაა ისიც, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე უარი არასდროს უთქვამს. ამის არ დანახვა სწორი არ არის. პრეზიდენტი ეცადა, ასე თუ ისე სიტუაცია უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, პრაქტიკულად არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან დესტრუქციული პროცესების განვითარების ინტენსიური მცდელობა ჰქვია. მან ასეთი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა. საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ საით მიდის სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია მიყვება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ვალდებულებაა ყველა ძალისხმევა მიმართოს იქითკენ, რომ შეთანხმება ოდესმე მიღწეულ იქნას, "თუმცა ეს რთული და შეუსრულებელი მისიაა, რადგან კონკრეტულ სუბიექტებს ამის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ".

"პრეზიდენტს მოეთხოვება ამ მიმართულებით თანმიმდევრული იყოს", - აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დოკუმენტის მიზნები ამოწურული არაა.

„ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომელიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული, ვერც მის ანულირებაზე. თუმცა დღეს, პოსტ-ფაქტუმ იმის აღმოჩენა, თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე „წითელი ხაზების“ ხელმოწერამდე გავლება ვიცი, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომელსაც დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა. წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც მე მხარს ვუჭერ “,-განაცხადა პრეზიდენტმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა