გიორგი გახარია - უნდა გავიმარჯვოთ მუნიციპალურ არჩევნებში, ოღონდ არ უნდა დავემსგავსოთ ვინმეს - ჩვენი ღირსება უნდა შევინარჩუნოთ, სხვანაირად გამარჯვებასაც ის ფასი არ ექნება

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიას რა ერქმევა, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ამ პარტიას რა ფასეულობები აქვს და რას ემსახურება. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ, ძალაუფლების შენარჩუნებას,- ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, გიორგი გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისები სამეგრელოში, წალენჯიხასა და ჯვარში გახსნა და მოსახლეობას შეხვდა.

მან მიმართა მხარდაჭერებს და აღნიშნა, რომ პარტიის ოფისის კარი ღია იქნება თითოეული მათგანისთვის იმისათვის, რომ მიიტანონ პრობლემები, წინადადებები.

„განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ ყოველთვის ღია იქნება აქაურობა თქვენთვის“, - მიმართა გახარიამ მხარდამჭერებს ოფისის გახსნისას წალენჯიხაში.

„ყველა ვხედავთ, რომ დღეს ყველაზე მეტად რაც გვჭირდება ეს ძლიერი სახელმწიფოა. ამის გარეშე ვერ დავიცავთ ვერაფერს, ვერც ჩვენს გლეხს, ვერც ჩვენს შრომას, ვერც ჩვენს კულტურას, ვერც ჩვენს რელიგიას და ვერც ჩვენს ტრადიციებს. ყველაზე უფრო ჩემთვის, რაც არის მიუღებელი, ეს არის სუსტი სახელმწიფო. სანამ არ იქნება ძლიერი სახელმწიფო, სანამ კანონი არ იკანონებს ყველასთვის, სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტურიზმი, არაფერი ეს არ იქნება. ამიტომ ეს ქაოსი უნდა დასრულდეს - ოღონდ ეს უნდა გავაკეთოთ არა ომით, ლანძღვით, კინკლაობით და ცირკის მოწყობით, არამედ შრომით.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვაჩვენოთ მაგალითი, როგორ შენდება ძლიერი სახელმწიფო. მთავარია ღირსება არ დაგვავიწყდეს, ვიყოთ კეთილსინდისიერები და ვიყოთ კარგი პროფესიონალები. ჩვენ გვამოძრავებს მიზანი, თითოეულ თქვენგანთან ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის“, - აცხადებს გახარია.

გიორგი გახარიამ საქართველოს რეგიონებში არსებულ სიღარიბესა და გაჭირვებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დაძლევადია, თუმცა შრომით და ეტაპობრივად, ცრუ დაპირებებს კი, ის არ გასცემს.

„ამ ქვეყანაში ყველა დაპირება უკვე გაცემულია, ზოგი გაცემულია უკვე მეორედ, მესამედ და არ მინდა ასე გაგრძელდეს. იმდენი რამეა გასაკეთებელი, რაც ყველამ ზეპირად იცის, თქვენც იცით და მეც ვიცი. ჩვენთვის ახლა მთავარია ავიღოთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, შევხედოთ როგორ შეიძლება ეს ბიუჯეტი გაიზარდოს, შემდგომ შევქმნათ ქმედითი მექანიზმი როგორ ვაკონტროლოთ თითოეული ლარის ხარჯვა, ერთი და იგივე გზები რომ ათჯერ არ დაგვიგონ, ერთი და იგივე წყალი ათჯერ არ გაიყვანონ და ა.შ. ეს არის ყველაზე მთავარი. დარწმუნებული ვარ, რომ ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით ჩვენ ძალიან სწრაფად შევცვლით ბევრ რაღაცას. ტყუილი დაპირებები არის ყველაზე მიუღებელი. მე რომ გითხრათ, ერთ თვეში და ორ თვეში აქ ყველაფერი გამოსწორდება, რა თქმა უნდა, ასე არ იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ და გვქონდეს იმის იმედი, რომ ხვალინდელი ჩვენი ცხოვრება და ყოფა იქნება უკეთესი ვიდრე დღეს. ამას უნდა ვხედავდეთ და ვგრძნობდეთ, მაგრამ ამას უნდა ხედავდეს და გრძნობდეს 5% კი არა, თითოეული მოქალაქე - სამართლიანობა ამიტომ ხდება ასეთი მნიშვნელოვანი.“ - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.

გიორგი გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზეც ისაუბრა.

„თქვენ შეიძლება იკითხოთ - იქ არ იყავი? გაგეკეთებინაო. მართალი და სწორი კითხვაა და ამ კითხვაზე მინდა გითხრათ, რომ სანამ კეთება შესაძლებელი იყო და სანამ არსებობდნენ გვერდით ადამიანები, რომლებთან ერთადაც საქმის კეთება შესაძლებელი იყო, მე იქ ვიყავი.“ - ამბობს გახარია.

პარტიის ლიდერმა წალენჯიხელ მხარდამჭერებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო სიის შედგენასა და კანდიდატების შერჩევაში მთავარი ადგილობრივების არჩევანი იქნება.

„ერთი ადამიანი არ იქნება, ვისზეც მე გეტყვით, რომ აი, ეს აირჩიეთ ან ეს დააწინაურეთ. მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ყველას პასუხისმგებლობა უნდა იყოს. ნებისმიერი ადამიანი - ეს იქნება მერობის კანდიდატი, მაჟორიტარობის კანდიდატი, თუ სიის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტში, ჩვენი ყველას ერთად ასარჩევია. ვინც უფრო ძლიერია, ვინც უფრო კეთილსინდისიერი და პროფესიონალია, ის უნდა იყოს და სხვა არავინ.“ - აცხადებს გახარია.

„დღეს უნდა გავიმარჯვოთ მუნიციპალურ არჩევნებში, დავიწყოთ შრომა და შემდგომ გავიმარჯვოთ საპარლამენტო არჩევნებში. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უნდა ვიცხოვროთ, ვიმუშავოთ და როგორც უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ოღონდ ისე, რომ არ უნდა დავემსგავსოთ ვინმეს, ჩვენ ჩვენი ღირსება უნდა შევინარჩუნოთ. რაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი პასუხი ყველაფერზე უნდა იყოს ღირსეული, ისეთი, როგორც შეგვეფერება ჩვენ. სხვანაირად გამარჯვებასაც ის ფასი არ ექნება. ძლიერი სახელმწიფო ყველას რომ გვესმოდეს შენდება რეგიონიდან. აქედან იწყება ძლიერი საქართველო. ჩათვალეთ, რომ მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს ერთად დავიწყოთ ძლიერი საქართველოს მშენებლობა!“, - მიმართა გახარიამ მხარდამჭერებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს