15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის ინფორმაციით, არსებობს მარიანა ჩოლოიანის ციხეში დაბრუნების რისკი, რადგან მის მიმართ სამართლებრივი პროცესი გრძელდება.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, ჩოლოიანი ახლა უკვე მეორე ინსტანციის სასამართლოში არა გათავისუფლებისთვის, არამედ, გამართლებისთვის იბრძოლებს.
„მიუხედავად იმისა, რომ მარიანა ჩოლოიანის მიმართ პატიმრობა დამთავრდა, არ დასრულებულა მისი საქმე, ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და ამას გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე არ დადასტურდება სიმართლე და მარიანა ჩოლოიანის საქმეზე სამართალი არ იზეიმებს. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში იქნა გასაჩივრებული და დავა გრძელდება. ვაპირებთ, სამართლებრივი ბრძოლა გავაგრძელოთ და ნაბი-ნაბიჯ მივყვეთ სამართლიანობის აღდგენას მარიანა ჩოლოიანის მიმართ. გარკვეული სახის თუნდაც, სამართლებრივი რისკები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ არ ვმკითხაობთ, სასამართლო რას იზამს, ამას სასამართლოს მივანდობთ, თუმცა, ჩვენ ვიბრძვით არა გათავისუფლებისთვის, არამედ გამართლებისთვის“, - აცხადებს მოსიაშვილი.
კითხვაზე, თუ რას გულისხმობს სამართლებრივ რისკებში და არის თუ არა, ალბათობა, რომ ჩოლოიანი კვლავ დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატი პასუხობს, რომ „სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ეს არ უნდა მოხდეს“.
„მე ვფიქრობ, რომ საფუძველი არ არსებობს, თუმცა, სამართლებრივი რისკების ქვეშ გარკვეული სახის, თუნდაც, უკანონო გადაწყვეტილებები იგულისხმება. სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ის რა თქმა უნდა, არათუ არ უნდა დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, უნდა გამართლდეს. სამწუხაროდ, საზოგადოების ზეწოლა საკმაოდ დიდია, ამ ზეწოლას ვერ გაუძლო პირველი ინსტანციის სასამართლომ, ამიტომ გარკვეული სახის რისკებზე როცა ვსაუბრობ, ამასაც ვგულისხმობ, სამართლიანი გადაწყვეტილებების შემთხვევაში, სამართლიან გადაწყვეტილებას გამამართლებელი განაჩენის სახით ველოდებით“, - განაცხადა მოსიაშვილმა.
ცნობისთვის, 15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. 2020 წლის 7 სექტემბერს, დაკავებულ გამომძიებელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას სახელმწიფო ბრალდება ორ ეპიზოდს ედავებოდა, თუმცა, არასრულწლოვან თ.ზ.-ს მიმართ ჩენების იძულების ეპიზოდში ის გამართლდა, ლუკა სირაძის ნაწილში კი გამტყუნდა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს გასაჩივრებული აქვს.
მსჯავრდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"