მწერლების ნაწილი მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით კულტურის მინისტრისთვის გაგზავნილ ღია წერილს ემიჯნება

ხელმომწერი მწერლების ნაწილი მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით კულტურის მინისტრისთვის გაგზავნილ ღია წერილს ემიჯნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მწერალმა ლერი ალიმონაკმა განუცხადა, წერილის გამოთქმის ფორმას და ფრაზეოლოგიას არ ეთანხმება.

„მე ამ წერილის პათოსს არ ვეთანხმები. არ ვეთანხმები მის გამოთქმის ფორმას, მის ფრაზეოლოგიას. ეს ფორმები ჩემი სტილი არ არის, მე არასდროს ასეთი ფორმებით არ მიბრძოლია. თუმცა არის ბევრი ისეთი რამ, რაც დღესაც გასარკვევია და სამსჯელოა. წერილის შინაარსი ჩემთვის არავის გაუცვნია, არც არავის შეუთანხმებია. ვინ დაწერა ისიც არ ვიცი. დღეს გავიგე ისე, როგორც სხვამ გაიგო“, - განუცხადა ლერი ალიმონაკმა „ინტერპრესნიუსს“.

მწერლების ნაწილი საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს და აღნიშნავს, რომ მათთვისაც მიუღებელია მინისტრისთვის გაგზავნილი წერილის სტილი.

„ბოლო პერიოდში, ქართულ მწერლობაში განვითარებული მოვლენები დიდ გულისტკივილს იწვევს ჩემში. სამწუხარო ფაქტია, რომ მწერლებმა საერთო ენა ვერ გამოვნახეთ და წარმოიქმნა ერთგვარად დაპირისპირებული მხარეები...ჩვენს სამშობლოს, ამ უდიდესი გაჭირვების ჟამს, ყველაზე მეტად ერთიანობა სჭირდება. არადა იქმნება ისეთი გაურკვეველი მდგომარეობა, როცა რომელიმე მხარეს დგომა, მეორისაგან აღიქმება როგორც ვინმეს წინააღმდეგ ყოფნა.

მთელი ჩემი ცხოვრება და შემოქმედება ემსახურებოდა ქართველი ხალხის ერთიანობასა და სიყვარულს, ურთიერთშერიგებასა და მიტევებას. არც ამჯერად ვაპირებ ვუღალატო ჩემს პრინციპებს... აქედან გამომდინარე, ვტოვებ მწერალთა კავშირს და საერთოდ წინააღდეგი ვარ ყოველგვარი გაერთიანების წევრობის, რომელიც ხელს უწყობს ქართული მწერლობის რაიმე მხარეებად დაყოფას და ეროვნული მწერლობის დაკნინებას. ორივე მხარეს დგანან ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ურთიერთობა ჩემთვის დიდი პატივია და რომელთაც ყოველგვარ კავშირზე თუ გაერთიანებაზე მაღლა ვაყენებ.. ტახტზე ფიქრია იოლი - დავითობაა ძნელი!” - წერს ტარიელ ხარხელაური.

ამასთან, მწერალთა აკადემიის დატოვების შესახებ განცხადებას აკეთებს ელდინო საღარაძე.

„სრულად ვემიჯნები წერილის პათოსს და ვთხოვ კობა არაბულს, ჩემი ეს პოსტი მწერალთა აკადემიიდან გასვლის განაცხადად ჩათვალოს, სადაც მხოლოდ იმ მოტივით შევედი, რომ ქართული საქმე მეკეთებინა. ასე არ კეთდება ქართული საქმე!

შეურაცხყოფილი ვარ. სულ მცირე, რაც მიმართვის ავტორს უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ ხელის მომწერებს შეთანხმებოდა”, - წერს ელდინო საღარაძე სოციალურ ქსელში.

განსხვავებული პოზიცია აქვს მწერალ გურამ პეტრიაშვილს. როგორც ის „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, წერილზე ხელი მოწერილი აქვს და მის შინაარსსაც ეთანხმება.

„ამ წერილზე ხელი მოწერილი მაქვს. რა უნდოდათ რატომ დაესხნენ თავს თეა წულუკიანს ვიღაც მომწერლო ელემენტები? იმიტომ, რომ სოსო ჭუმბურიძე ჟიურიში შეიყვანა? არ არის სოსო ჭუმბურიძე ღირსი და სხვები არიან? ვეთანხმები ამ წერილს! იმას კი ნუ იკვლევთ ხელი ვინ მოაწერა და ვინ არ მოაწერა, ის გამოიკვლიეთ რაშია მთავარი პრობლემა - თეა წულუკიანი ჩვენ დავიცავით მწერლებმა, რომ მან რაც გააკეთა, არაფერი ტყუილი არ გაუკეთებია. ძალიან კარგი ლიტერატორი დანიშნა ჟიურიში“, - განაცხადა პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ ჯერჯერობით მინისტრის მხრიდან მიმართვაზე გამოხმაურება არ ყოფილა.

ცნობისთვის, მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით მინისტრს მწერლების ნაწილმა ღია წერილით გუშინ მიმართა. წერილში მხარდაჭერაა გამოხატული კონკურს „ლიტერას“ ჟიურიში მინისტრის მიერ დანიშნული ჟიურის წევრის მიმართ. ასევე ხელმომწერები ითხოვენ „მწერალთა სახლის“ სრული რეორგანიზაციას და რეფორმას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა