ანა ნაცვლიშვილი - 5-6 ივლისის მოვლენებზე რეაგირებასთან დაკავშირებით ერთადერთი გაფართხალება დროშის შებღალვის თაობაზე კანონის მიღება არ უნდა იყოს

5-6 ივლისის მოვლენებზე რეაგირებასთან დაკავშირებით ერთადერთი გაფართხალება დროშის შებღალვის თაობაზე კანონის მიღება არ უნდა იყოს, - ეს განცხადება დღეს ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

როგორც ნაცვლიშვილმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას განმარტა, მთავარია კონტექსტი - მოხდება თუ არა 5-6 ივლისის მოვლენებზე რეაგირება და რატომ არ იყენებს ამ მხრივ პარლამენტი საკუთარ საზედამხედველო ფუნქციას.

ნაცვლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეაგირება არ მომხდარა და შეფასებული არ არის ევროკავშირის დროშის დაწვის, ასევე “სირცხვილიას“ ოფისის მეზობლად მდებარე სახლში შეჭრის ფაქტები.

„ძალიან მძიმე უფლებადარღვევის შემთხვევებსა და დანაშაულებზე, რომელთაც 5-6 ივლისს ჰქონდა ადგილი, თუ პარლამენტის ერთადერთი რეაგირება იქნება ის, რომ კანონში ჩაამატებენ მუხლს დროშისა და გერბის შებღალვის დასჯადობის შესახებ, ეს პარლამენტის როლს უკიდურესად დააკნინებს. მე ამაში თანამონაწილეობა არ მინდა. ვიდრე კანონპროექტი სესიაზე გავა, იმედი მაქვს, პარლამენტისა და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ დრო გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ 5-6 ივლისის მოვლენებზე სიმართლე დადგინდეს და მართლმსაჯულება განხორციელდეს. ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ კანონში დადგეგმილ ცვლილებებზე“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციების და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ადმინისტრაციული სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

კანონპროექტით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, ასევე იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც საქართველოა. ასევე, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის დაეკისრება, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში.

ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომლის თანახმად, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას, 15 დღემდე ვადით.

პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის წევრები: ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა