1992-93 წწ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 5 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია

1992-93 წწ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 5 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდან აცნობეს, 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი პირის ოჯახს შეატყობინეს, რომ მოხდა მათი ახლობლების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით.

მათივე ინფორმაციით, ნეშტების ექსჰუმაცია განხორციელდა 2018-2020 წლებში სოხუმსა და გაგრაში წჯსკ-ს ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს, „1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე“ წჯსკ-ს ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ეს მექანიზმი, რომელშიც აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით 2010 წლიდან მოქმედებს.

ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემა და დაკრძალვის ცერემონია 13 და 14 აგვისტოს ჩატარდება თბილისში.

როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში სევერინ შაპაზი აღნიშნავს, ხუთი ადამიანია ამოცნობილი და მათი ნეშტები დღეს ოჯახებს გადაეცემა.

„მათ მიიღეს პასუხები, თუმცა 2300-ზე მეტმა ოჯახმა დღემდე არაფერი იცის საყვარელი ადამიანების ხვედრის შესახებ. იმისათვის, რომ მოძიებისა და იდენტიფიკაციის პროცესი და ასევე, ოჯახების მხარდაჭერა უფრო ეფექტური და მდგრადი გახდეს, საჭიროა კონფლიქტის ყველა ყოფილი მხარის მეტი ჩართულობა. წჯსკ-ს დესპანი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხებში კავკასიაში ამჟამად ყველა მხარესთან განიხილავს, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა. 2021 წლის შემდეგ მხარეებმა ეტაპობრივად საკუთარ თავზე უნდა აიღონ იმ ამოცანების შესრულება, რომლებსაც ამჟამად წჯსკ ახორციელებს, ასევე, უნდა გააძლიერონ არსებული საკოორდინაციო მექანიზმების როლი და შესაძლებლობები, რომლებშიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით აფხაზი, ქართველი, რუსი და ოსი მონაწილეები არიან ჩართული. ეს ორი ნაბიჯი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისთვის პასუხის გასაცემად უფრო ეფექტურ და მდგრად საქმიანობას უზრუნველყოფს მომავალში და გაუჩინარებული ადამიანების საკითხებზე რეგულარული დიალოგისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. იგი, ასევე, შესაძლებელს გახდის კავკასიაში მომხდარი სხვა კონფლიქტების, მაგალითად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის, მონაწილე მხარეებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას”,-აღნიშნავს სევერინ შაპაზი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ინფორმაციით, 2010 წელს ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ (რომელთაგან ერთი 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე - 90-იანი წლების და 2008 წლის ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს) 589 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 211 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა. მთლიანობაში, 2 345 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე