ეკატერინე ტიკარაძე - დიღმის საველე ჰოსპიტალი დღეიდან მზადაა პაციენტების მისაღებად, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა პაციენტმა მომსახურება ჰოსპიტალურ სექტორში მიიღოს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზადაა, ამ ტერიტორიას მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენებენ, რაც ჰოსპიტალური სექტორის რესურსი ამოიწურება.

როგორც ტიკარაძემ დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტალის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ლოკაციაზე მომუშავე ექიმები სრულად გადამზადებულები არიან და მათ საშუალება ექნებათ მართონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტები.

ამასთან, მინისტრი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დიღმის საველე ჰოსპიტალში განთავსებულ ჟანგბადის ავზებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათი მონტაჟი არანაირ რისკს არ შეიცავს.

„ამ ტერიტორიაზე მოთავსებულია ორი 5-ტონიანი ჟანგბადის ავზი, რომელზეც არაერთი მედია-შარჟი გავრცელდა, თითქოს ისინი საფრთხეს წარმოადგენენ. ეს ინფორმაცია გადამოწმებულია და ვადასტურებთ, რომ ამ ავზების მონტაჟი არანაირ რისკს არ შეიცავს. აქ ექიმებს საშუალება ექნებათ, მომსახურება გაუწიონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტებს, ვინაიდან მოწყობილია როგორც ინტენსიური, ისე რეანიმაციის ტიპის საწოლები. მნიშვნელოვანია, რომ ის ექიმები, რომლებიც პაციენტებს მომსახურებას გაუწევენ, არიან სრულად გადამზადებული და აქვთ ყველა უნარ-ჩვევა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტებს უსაფრთხო მომსახურება გაუწიონ მათი ჯანმრთელობის უსაფრთოების გადაზღვევით.

საველე ჰოსპიტალი დღეიდან მზადაა პაციენტების მისაღებად. მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში და ყველა პაციენტმა მიიღოს მომსახურება ჰოსპიტალურ სექტორში, ვინაიდან, ზუსტად ვიაზებ, რამხელა ემოციურ სტრესს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის, რადგან საქართველოში მსგავსი ფორმატის ჰოსპიტალი არასდროს ყოფილა გაშლილი იმ საომარ მდგომარეობაშიც კი, რომელიც საქართველოს არაერთხელ ჰქონია“,- განაცხადა ტიკარაძემ.

გარდა ამისა, მინისტრმა უპასუხა კითხვას სამგორში განთავსებულ საველე ჰოსპიტალთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პაციენტების მიღება მხოლოდ დიღომში მოწყობილ სივრცეში იგეგმება.

„სამგორში გაშლილი სივრცე არ მინახავს, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროს და სამედიცინო ჰოლდინგის მიერ პაციენტების მომსახურება დაგეგმილია კონკრეტულად ამ ლოკაციაზე, რომელიც აღჭურვილია პაციენტებისთვის საჭირო ყველა მომსახურების გასაწევად. პაციენტების სამედიცინო უზრუნველყოფა დაგეგმილია ამ ლოკაციაზე.

ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჰოსპიტალური სექტორის რესურსს. პაციენტების ნაკადს მაქსიმალურად ვმართავთ ჰოსპიტალურ სექტორში და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჰოსპიტალურ სექტორში რესურსი აღარ იქნება, ვგულისხმობ პაციენტების ჰოსპიტალიდან გადაყვანას კლინიკურ სასტუმროებში, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ პაციენტებს ამ ლოკაციაზე“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა