ნათია თურნავა - მიუხედავად იმისა, რომ უხილავ მტერს ვებრძვით, ჩვენ ვახერხებთ, რომ დაბალანსებული პოლიტიკით არათუ არ დავხუროთ ეკონომიკა, არამედ რეგიონსა და მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ

მიუხედავად იმისა, რომ უხილავ მტერს ვებრძვით და ბოლო ჯერაც არ ჩანს, ჩვენ ვახერხებთ, რომ დაბალანსებული პოლიტიკით არათუ არ დავხუროთ ეკონომიკა, არამედ ამ პირობებში რეგიონსა და მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება სვანეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას კვლავ ახერხებს.

„რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგი. როგორც იცით, ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ სვანეთი ჩამოყალიბებულიყო 12-თვიან კურორტად.

პრემიერის დავალებით, ჩვენ შევიმუშავეთ ტურიზმის განვითარების 10-წლიანი გეგმა და უახლოეს პერიოდში არაერთი საინტერესო პროექტი გვაქვს განკუთვნილი სვანეთისთვისაც. მაგალითად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწრაფი ტემპით ჰაწვალის ულტრათანამედროვე ახალი საბაგირო მოეწყობა, რაც 34 მილიონი ლარის ინვესტიციას შეადგენს.

თურნავამ ასევე პანდემიის დროს დაზარალებული სასტუმროების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების დახმარებით, ეს სფერო განადგურებას გადაურჩა.

„ჩვენი პროგრამების მეშვეობით, სასტუმროების ბევრმა მეპატრონემ ისარგებლა. სვანეთში ათობით ახალი სასტუმრო აშენდა. შარშან, როდესაც პანდემიამ პირველად შემოგვიტია, ასზე მეტმა სასტუმრომ ჩვენი მოკლევადიანი დახმარებით სესხის პროცენტის სუბსიდირებაზე ისარგებლა, რამაც პრაქტიკულად გადაარჩინა იმ პერიოდში ეს ბიზნესი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა