ირაკლი ღარიბაშვილი - ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმება არც ერთი მოქალაქის, მათ შორის ბელარუსის არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის და არ იქნება გამოყენებული

ეს არის მორიგი კლასიკური მაგალითი, როგორ იქმნება ფეიკნიუსი, ყალბი ნიუსი და როგორ აბრუნებენ ერთი მხრივ პრიმიტიულ მოცემულობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოსა და ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით და ის არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ძალიან მარტივად გეტყვით და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო ჩვენი უცხოელი მეგობრების გასაგონად, 2016 წელს, ანუ მაშინ, როცა ბელორუსთან დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდათ ძალიან ნორმალური, კარგი ურთიერთობა და იყვნენ სრულ კოორდინაციაში და ბელარუსიც მიისწრაფოდა დასავლეთის ქვეყნებთან ნორმალური თანამშრომლობის რეჟიმისკენ, მაშინ ჩვენ ეს ინფორმაცია გავავრცელეთ კიდევაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განმარტებაც გააკეთა, რომ არაერთ ქვეყანას დასავლეთ ევროპაში გაფორმებული აქვს ანალოგიური შინაარსის შეთანხმებები ბელარუსთან. 2016 წელს და ეს საჯარო ინფორმაციაა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააფორმა ანალოგიური შინაარსის შეთანხმება ბელარუსის შესაბამის სამსახურთან. მაშინაც, მას შემდეგაც, 5 წელი გავიდა, ეს საერთოდ არავის გახსენებია. უბრალოდ, როგორც ჩანს, 1 თვის წინ, ბელარუსმა ძალაში შეიყვანა ეს შეთანხმება და ისევ ჩვენმა მავნებლებმა და ჩვენი ქვეყნის მტრებმა დაიწყეს მორიგი პროპაგანდა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის გაშავება. იმიტომ, რომ ისეთი რაკურსით დაიწყეს ამ ინფორმაციის გაშუქება და დასავლეთში გაშვება, თითქოს რაღაც არანორმალურ ვითარებასთან გვქონდა საქმე. მეორე მხრივ, მინდა განვმარტო, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება არც ერთი მოქალაქის, მათ შორის ბელარუსის არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის და არ იქნება გამოყენებული. ეს არის ჩვეულებრივი ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით და ა.შ და ხაზგასმით ვიმეორებ, არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის მიმართული ეს შეთანხმება და არავითარ პრინციპულ მნიშვნელობას არ ატარებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის ნაწილმა აღშფოთება გამოთქვა. ამასთან, სუს-მა განცხადება გაავრცელა, რადაც აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ვადებში გადაიდგა ყველა ნაბიჯი დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკამ 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტი მიმდინარე წლის აგვისტოში აამოქმედა.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს