ნონა მამულაშვილი - ევროკავშირმა და სხვადასხვა ინსტიტუტებმა კვლევა ჩაატარეს, რამაც  აჩვენა, რომ საქართველოში ელიტური კორუფციაა, ახლა ცდილობენ თავი დაიძვრინონ, რომ ევროკავშირის დახმარება არ სჭირდებათ

"ქართულ ოცნებას" უკვე პანიკური შეტევა აქვს, ყველგან და ყველაფერში ხედავენ მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განცხადებით," ქართული ოცნება" ევროკავშირის სანქციებში მოჰყვა და ახლა ისინი პრევენციულ განცხადებებს აკეთებენ. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის ტრანშის პირველი ნაწილის გადმორიცხვის შემდეგ, მოხდა შეფასება და აღმოჩნდა, რომ საქართველოში არის ელიტური კორუფცია. მამულაშვილის თქმით, ახლა "ქართული ოცნება" ცდილობს ლობისტების დახმარებით ეს ჩანაწერი შეფასებიდან ამოაღებინონ, რასაც ვერ მიაღწიეს.

„ღარიბაშვილი არის ფაქტიურად ფასადი და რუპორი იმ ერთი ადამიანის, რომელიც მართავს ქვეყანას და ის თვლის, რომ ყველა დანარჩენი ინსტიტუტიც ანალოგიურად უნდა იქცეოდეს, როცა მას დავალებებს მისცემენ. ევროკავშირმა და სხვადასხვა ინსტიტუტებმა ჩაატარეს კვლევა და შეფასებამ აჩვენა, რომ საქართველოში არსებობს ელიტური კორუფცია, რომელშიც პირდაპირ იღებს მონაწილეობას "ქართული ოცნება" და ამის შესახებ იმ დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის მიერ გამოქვეყნდება ეს პასაჟი იქნება ჩადებული. ამიტომ ახლა მაქსიმალურად ცდილობენ თავი დაიძვრინონ, რომ ევროკავშირის დახმარება არ სჭირდებათ, რაც იყო კობახიძის ვერსია, ითქვა რომ ბიუჯეტში თანხები არის, მერე კი კლასიკურად მიადგნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს.

"ქართულ ოცნებას" უკვე პანიკური შეტევა აქვს, ყველგან და ყველაფერში ხედავენ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, ვერანაირად ვერ ამართლებენ თავისივე დანაშაულს სახელმწიფოს წინაშე, რასაც ჰქვია სრული კრახი - ეკონომიკური კრახი, კოვიდ პანდემიის მართვის კრახი, საერთაშორისო ურთიერთობებში კრახი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველომ რეალურად უკან დაიხია და ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება, ეს არის მათი ძალისხმევით გაკეთებული და მათი რუსი მფლობელების მიერ დავალებული გეგმა,"- განაცხადა მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა. დღეს კი პრემიერ-მინისტრმა გადაცხადა, რომ საქართველო ამ დახმარებაზე უარს იტყვის, რადგან წელს საგარეო ვალის შემცირება უნდა დაიწყონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო