არჩილ თალაკვაძე - ის, რომ სესხის არაღებით საქართველომ უარი თქვა მნიშვნელოვან რეფორმაზე,  ევროკავშირთან ურთიერთობაზე, არის აბსურდი

ის, რომ სესხის არაღებით საქართველომ თითქოს უარი თქვა რაიმე მნიშვნელოვან რეფორმაზე, თითქოს უარი თქვა ევროკავშირთან ურთიერთობაზე, ეს არის აბსურდი და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ოპოზიციის მისამართით არ არის საჭირო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ საქართველომ ევროკავშირისგან სესხი არ აიღო, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ დასავლურ კურსს გადაუხვია.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს სპეკულაციას.

„მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო სრული ხელმისაწვდომობა ვაქცინაციაზე და ჩვენ შევძელით ეკონომიკური პროცესების გახსნა, 7 თვეში აქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა დამატებითი ვალის და სესხის აღება არ არის აუცილებელი. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ საქართველო ევროკავშირის მხრიდან დამატებით სესხს ამ ეტაპზე აღარ აიღებს. ჩვენი ოპონენტების მცდელობა, რომ სესხის აღების საკითხი როგორმე დაუკავშირონ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ან დაუკავშირონ იმ ძველ ნარატივს, განცხადებებს, რომლებსაც ისინი აკეთებენ წლების განმავლობაში, შეგახსენებთ, ამ განცხადებებს აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთეს ყველაფერი ანტიევროპული და ანტიდასავლური, რაც შეიძლებოდა. დასავლეთი, დასავლური ღირებულებების გაზიარება, რეფორმების ჩატარება, ეს არ ნიშნავს სესხის აღებას, ეს ნიშნავს ამ ღირებულებების რეალურად განხორციელებას ცხოვრებაში, რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, დაწყებული ადამიანის უფლებების დაცვიდან, დასრულებული დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით, ყოველთვის იყო დაცული და მომავალშიც ასე იქნება. ის რომ, ამ მომენტში სესხის არ აღებით საქართველომ თითქოს უარი თქვა რაიმე მნიშვნელოვან რეფორმაზე, თითქოს უარი თქვა ევროკავშირთან ურთიერთობაზე, ეს არის აბსურდი და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ოპოზიციის მისამართით არ არის საჭირო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო