მამუკა ხაზარაძე - არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ვიცით, ეს კვლევები საიდან მოდის, ვინ როგორ წერს ამ ყველაფერს - დაველოდოთ 2 ოქტომბერს

არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ვიცით, ეს კვლევები საიდან მოდის, ვინ როგორ წერს ამ ყველაფერს. ამიტომ, დაველოდოთ 2 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც GORBI-ს კვლევაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს და მისივე თქმით, 2022 წელს, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

„ჩვენთვის მთავარია, რომ მთლიანად ოპოზიციამ ამ ქვეყანაში და პირველ რიგში, ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა, მოახერხოს ამ ჩაკეტილი, 30- წლიანი წრის გარღვევა. გარღვევა არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ აიღოს 43% და მე დარწმუნებული ვარ, ის ამას ვერ შეძლებს, მომავალ წელს, ქვეყანაში იქნება რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47,2% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - გამოკითხულთა 26,8%. ამავე კვლევის თანახმად, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ ხმას გამოკითხულთა 6,9%. მისცემდა.

დანარჩენი პარტიების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „პატრიოტთა ალიანსი“ - 3.4%; „ლელო“ - 2,6%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2,4%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2,1%; „მოქალაქეები“, - 1,6%; „ევროპული საქართველო“ - 1,4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 1,2%; „გირჩი“ - 0,8%; სხვა პარტიები - 3,6%.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაცია „გორბის“ მიერ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდოლოგია პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტთა შესარჩევად გამოყენებული იყო მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. შერჩევის სრული ზომა - 1500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი - 95% საიმედობისას: +/- 2.5% ქვეყნის მოსახლეობისთვის, +/- 3.5% სავარაუდო ამომრჩეველთა შერჩევისთვის ქვეყნის მასშტაბით, +/- 3.4% თბილისის მოსახლეობისთვის, +/- 4.8% სავარაუდო ამომრჩეველთა შერჩევისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო