ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს და დოკუმენტზე გადაწყვიტეს ხელმოწერა - ვის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა შეიცვლებიან? - ეს იგივეა ეშმაკმა გვითხრას, რომ აღარ იქნება ეშმაკი

პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე გადაწყვიტეს ხელმოწერა - ვის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ახალია შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები? ეს იგივეა ეშმაკმა გვითხრას, რომ აღარ იქნება ეშმაკი და მას უნდა დავუჯეროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზესტაფონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ პირველი იყო, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, ვალდებულებების შესრულება დაიწყო, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კი არანაირი პროგრესი არ ყოფილა.

„საარჩევნო კამპანიისას მე საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ ყოფილ ხელისუფლებაზე საუბარს, რადგან კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს თავს და მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს პრეტენზია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. მანამ, სანამ ამ ჯალათებს და მკვლელებს ექნებათ სურვილი და პრეტენზია, არა მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის, ჩვენ ყოველ დღე შევახსენებთ მათ მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს. ჩვენ გუშინ ერთგვარი შედარებებიც გავაკეთეთ ხელწერებს შორის - რა არის ჩვენი ხელწერა და რა იყო მათი ხელწერა, რომელიც ფაქტობრივად არ შეცვლილა და როგორ შეიძლება შეიცვალოს. ისინი გამოდიან და საუბრობენ მაღალ მატერიებზე. თუნდაც გუშინ გავიგეთ, რომ პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე გადაწყვიტეს ხელმოწერა, ეს მარტივი გასაგებია, სამი თვის განმავლობაში ველოდით მათ ხელმოწერას. ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გადადგა ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების, დიდი მეგობრის, შარლ მიშელის პატივისცემის დასადასტურებლად, ჩვენი დიდი მეგობრის, ამერიკის პატივსაცემად და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო პოლარიზებული საზოგადოების დამშვიდება. რა მივიღეთ ხელმოწერის შემდეგ? – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ყველა იმ ვალდებულების შესრულება. ნაწილი რეფორმების ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი, ვინაიდან მთავარი ხელმომწერი, ვინც უნდა ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ხელი არ მოაწერა. ამის მიუხედავად, ჩვენ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადავდგით ნაბიჯი და ყველა ის რეფორმა, რომელიც იყო შესასრულებელი, პირნათლად შევასრულეთ. კიდევ არის დარჩენილი რეფორმები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ. მეორე მხრივ, ვნახეთ, რომ ჩვენი მთავარი ოპოზიციური პარტიის მხრიდან (ტრაგედიაა, რომ ეს ძალა ჯერ კიდევ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური პარტიაა, ესაა ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, კატასტროფის ტოლფასია, რომ მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ მხარს უჭერს ამ ჯალათებს და მკვლელების კორპორაციას) არავითარი პროგრესი არ ყოფილა, უფრო მეტიც, მათ გააგრძელეს საბოტაჟი, დესტრუქცია, როგორ იქცეოდნენ პარლამენტში... ვნახეთ, რომ მათი მხრიდან არაფერი შეცვლილა. ვის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა ვანო მერაბიშვილი, ახალია შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები. ეს ხომ აბსურდია, მეგობრებო? ეს იგივეა ეშმაკმა გვითხრას, რომ აღარ იქნება ეშმაკი და მას უნდა დავუჯეროთ, ეს ხომ პრიმიტიულობა, გულუბრყვილობა და შეურაცხყოფაა, რომ ასეთ პოლიტიკურ თაღლითებს, ვიღაცამ დღეს კიდევ რაიმე სიტყვა დაუჯეროს. ქართველმა ხალხმა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს გაიარა ძალიან დიდი განსაცდელი. ათასობით და 300 ათასი ადამიანი იყო პრობაციონერი, 4 მლნ ცხოვრობს დღეს ქვეყანაში. გადაუარეს, ფეხქვეშ გათელეს ქართველების ღირსება. მაგრამ, რა თქმა უნდა, დროებით. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარული, ღირსეული ხალხი, რომელიც არავის არასდროს აპატიებს ღირსების შელახვას და სათანადო პასუხს გასცემს. „ქართულმა ოცნებამ“ გასცა კიდეც პასუხი 1-ელ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და გაუშვა ისინი მოუსავლეთში. ერთი მხრივ, უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული, შევაფასოთ აწმყო და ვიფიქროთ მომავალზე - „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, მაგრამ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, გაათმაგებული ტემპითაა სამუშაოები ჩასატარებელი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი დღეს მოაწერა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს