ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გვაჩვენა წარმოუდგენელი თავდადება, ვაჟკაცობა და თავგანწირვა, ასეთ ადამიანს ყოველ დღე მადლობა ეკუთვნის

ბიძინა ივანიშვილმა გვაჩვენა წარმოუდგენელი თავდადება, ვაჟკაცობა და თავგანწირვა, ასეთ ადამიანს ყოველ დღე მადლობა ეკუთვნის - მავნებელი ოპოზიციონერები და ოპონენტები ცდილობენ ჩვენს დაკომპლექსებას, თურმე, არ შეიძლება მადლობის გადახდა ასეთი ადამიანისთვის“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საჩხერის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლამდე დაამტკიცა სიყვარული და პატრიოტიზმი თავისი ქვეყნის მიმართ.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ძალასთან გვქონდა საქმე. მოდით ღიად და გულწრფელად ვთქვათ, რომ არა ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა, შეუძლებელი იქნებოდა ამ გამარჯვების მოპოვება. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გვაჩვენა წარმოუდგენელი თავდადება, ვაჟკაცობა და თავგანწირვა, ქვეყნის და ხალხის სიყვარული. მან პოლიტიკაში მოსვლამდეც, რა თქმა უნდა, დაამტკიცა თავის საქმით, ათასობით გაკეთებული ქველმოქმედებით სიყვარული და პატრიოტიზმი თავისი ქვეყნის და ხალხის მიმართ.

რომელ ქვეყანაში იცნობთ, დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა და ადამიანი, რომელიც თავისი ქონების დიდ ნაწილს საკუთარი სურვილით და ასეთი ენთუზიაზმით ასეთი ემოციით მიუძღვნის საკუთარ მშობლიურ ქვეყანას.

3 მლრდ დოლარი დახარჯული აქვს ადამიანს, კაცს, საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაში. ასეთ ადამიანს მადლობა კი არ ეკუთვნის, ასეთ ადამიანს ყოველდღე მადლობა ეკუთვნის. ეს მავნებელი ოპოზიციონერები და ოპონენტები ცდილობენ ჩვენს დაკომპლექსებას, რომ როგორ შეიძლება, თურმე, არ შეიძლება მადლობის გადახდა ასეთი ადამიანისთვის. დიახაც, მადლობა ბიძინა ივანიშვილს ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის. ჩვენ ქართველები თავისუფლების, ღირსების მოყვარული ხალხი ვართ, მადლიერი, ერთგული ხალხი ვართ. რა თქმა უნდა, ყველა საზოგადოებაშია მოღალატე, მატყუარაც და უმადურიც, მაგრამ ჩვენ უმრავლესობაში ვართ ამ ღირებულებებით, ამ ფასეულობებზე დგას ჩვენი პარტია. იმ პრინციპებზე და იდეალებზე, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა დაუტოვა ჩვენს პარტიას და ხელმძღვანელობას“,- აღნიშნავს პრემიერი.

მან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ ის „ომის დროს ლაჩრულად მოიქცა“.

„მშვიდობიანი და გრძელვადიანი სტაბილურობის ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდი. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ზედმეტი შელამაზების გარეშე, მე არ მიყვარს ზედმეტი შელამაზება, პირდაპირ და გულწრფელად უნდა ითქვას სათქმელი, დიახ, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში არ მომხდარა არც ომი, არც რაიმე კონფლიქტი და არც რაიმე დაპირისპირება. სწორედ მისი დამსახურებაა ეს, მისი მმართველობის, პოლიტიკისა და იმ გუნდის, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანაში არის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, განვითარება ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში.

რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ ყოფილა, გადახედეთ სხვა მმართველობის მძიმე მემკვიდრეობას. კარგად გვახსოვს მიწაზე გართხმული სააკაშვილი ომის დროს, როგორ ლაჩრულად მოიქცა, როგორ მიატოვა ჩვენი საამაყო ჯარი, კარგად გვახსოვს ის მძიმე დანაშაულებები. რა თქმა უნდა, ღალატია, როდესაც ოკუპანტს ჩააბარებ კოდორის ხეობას და სოფლებს. სააკაშვილმა პირადად თქვა ტელევიზიის საშუალებით, რომ ეს სოფლები ქვების გროვა იყოო. რა ჰქვია ამას, თუ არა ღალატი და შენი ქვეყნის მოტყუება, შენი ხალხის მიტოვება“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა