ეკატერინე ტიკარაძე - ვწუხვარ, როცა გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ იმ კლინიკის ექიმები პაციენტებს „შავ ბაზარზე“ „ტოცილიზუმაბის“ 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად, ამის გამოძიება უნდა მოხდეს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკები პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“ მარაგების შესახებ ინფორმირებულები არიან და მათ პრეპარატის შესაძენად არა პაციენტის ახლობლებს უნდა მიმართონ, არამედ შიდა მედიაციით მოიძიონ პრეპარატის თავისუფალი დოზები.

მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს სთხოვს ექიმებს მიაწოდონ სათანადოდ ინფორმაცია, რათა მათ პაციენტების ახლობლები „ტოცილიზუმაბის“ 4-ჯერ ძვირად შესაძენად ე.წ. „შავ ბაზარზე“ არ გაუშვან.

„თქვენ იცით, რომ სახელმწიფო პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“გამოყენების ხარჯებს ანაზღაურებს და ასევე, ისიც, რომ პრეპარატის შემსყიდვებელი ხართ თქვენ, კლინიკების ხელმძღვანელები. ძალიან ვწუხვარ, როცა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ჩვენ გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ ინ კლინიკის ექიმები პაციენტებს „შავ ბაზარზე“ ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ამ ფაქტით სხვადასხვა სტრუქტურები არიან დაინტერესებულები. მათ უნდა გამოიძიონ რატომ ხდება პაციენტების პატრონების იმ კრიტიკულ პერიოდში, როცა მათი ემოციური მდგომარეობა ყველაზე მაღალია, გაგზავნა შავ მომწოდებელთან თუ გამსაღებელთან. მათ 4-ჯერ ძვირად უწევთ ამ პრეპარატის შეძენა, მაშინ როცა ძალიან კარგად ვიცით, თუ რომელ კლინიკებშია მარაგი მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში ყველას აქვს საშუალება მიმართოს კოლეგა ექიმს, კოლეგა კლინიკას იმისთვის, რომ მოხდეს ამ პრეპარატის დაუყოვნებლივ მიწოდება ამ კლინიკისთვის და ამ მედიაციაში სამინისტროს მხრიდან ძალიან ხშირად ვართ ჩართულები.

მე ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ნუღარ დაფიქსირდება მსგავსი ფაქტი. სამინისტრო ყოველთვის დგას თქვენ გვერდით და თუ ვერ ხდება ერთმანეთთან კომუნიცირება, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ეს პრობლემა პაციენტის სასარგებლოდ გადაიჭრას. შევეცადოთ, ექიმების დონეზე ჩავიტანოთ ეს ინფორმაცია. არ არის საჭირო პაციენტის პატრონებზე ემოციური ზემოქმედება, ეს არის ჩვენი ტვირთი, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და სწორედ ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები.

ამასთან, კიდევ ერთი ფაქტი, შარშანდელთან შედარებით, როცა ეს პრეპარატი არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზეც არ იყო და არ გამოიყენებოდა, ლეტალობის მაჩვენებელი გვქონდა იგივე, დღესაც ლეტალობის მაჩვენებლი არ შემცირებულა. დასკვნა არის ერთი - ეს პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ სწორად შერჩეულ პაციენტზე, სწორი დანიშნულებით. ეს არის კლინიკური ნაწილი და კლინიკურ ნაწილში როგორც საავადმყოფოს მენეჯმენტი, ასევე სამინისტროს მხრიდან მენეჯმენტი არ ერთვება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კარგი პრაქტიკა სამომავლოდაც იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არ შემეშინდება გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ სტრუქტურას მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს