გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნების გადადების გადაწყვეტილების შემთხვევაში, ცესკო კანონის შესაბამისად იმოქმედებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნების გადადების გადაწყვეტილების შემთხვევაში ცესკო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

კითხვაზე, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხომ არ მიმდინარეობის ინფორმაციის გაცვლა არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

"ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს ამომრჩევლებს დავხვდეთ მომზადებულები, მათ შორის, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო შევუქმნათ მათ, ჩვენ არ წარმოვადგენთ იმ კომპეტენტურ და უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც განიხილავს არჩევნების გადადება-არგადადების საკითხს. ასეთ შემთხვევაში ვიმოქმედებთ, კანონმდებლობის შესაბამისად",- განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოში დღეს ინფორმაციის დაცულობის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი საარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს ახორციელებს და ამზადებს ანალიზს თუ რა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ; კერძოდ, ცენტრის მიზანია, გამოავლინოს არასწორი ან ცრუ ინფორმაცია, უზრუნველყოს ორგანიზაციის მიერ გავრცელებული სიახლეების სისწორე და კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთოს მცდარი სიახლეების გავრცელება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ცესკო პირველია საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის, რომელმაც ასეთი ინოვაციური პროექტი განახორციელა.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობის სპეციფიკა დღეს ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.

ცენტრმა მუშაობა 16 აგვისტოდან დაიწყო და მისი მონიტორების მიერ დამუშავებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე პერიოდულად მომზადდება ანგარიშები, რომლის შესახებაც ეცნობა საზოგადოებას. შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ცესკოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიხსნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს