კახა კუჭავა - მჯერა, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ ძლიერად და გავაგრძელებთ ყველა მუნიციპალიტეტის განვითარებას

მჯერა, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ ძლიერად და გავაგრძელებთ ბაღდათის და ყველა სხვა მუნიციპალიტეტის განვითარებას ისე, როგორც ამას იმსახურებს თითოეული თქვენთაგანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბაღდათში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბაღდათელებთან შეხვედრა და იმ ულამაზესი ადგილების დათვალიერება, რაც ქართველი ხალხის და საქართველოს სიმდიდრეა უდიდესი სიამოვნებაა.

„ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა ბაღდათის აღწერა, რომელიც უმდიდრესი იყო სოფლის მეურნეობით - თამბაქოს, სიმინდის მოყვანით, მევენახეობით, ვაზის მოვლით და ისეთი უნიკალური ჯიშებით, როგორიცაა ციცქა, ცოლიკაური, ალადასტური, საფერე. დღეს ხდება ყველა ამ ჯიშების აღდგენა, რადგან იგი მივიწყებული იყო. განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მანძილზე ხდებოდა გარკვეული ჯიშების პოპულარიზაცია და ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ის უნიკალური ჯიშები, რომლითაც ქართული მევენახეობა მდიდარი იყო და რა თქმა უნდა, ბაღდათს თავისი როლი აქვს ამ კუთხით. გული მწყდება, რომ საქართველოში ბევრმა არ იცის თუ რა სიმდიდრეა ბაღდათში და რამხელა პოტენციალი აქვს მას. მე აქ ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი, თუმცა, ჩემთვისაც სიახლე იყო, როდესაც გავიგე, ჩემი მეგობრებისგან, რომლებიც მოგზაურობდნენ ამ მხარეში, თუ რა სილამაზეა ხანის ჩანჩქერი. ყველა ვცდილობთ, რომ სხვა ქვეყანაში ჩავიდეთ, ასეთი სილამაზე ვნახოთ და საქართველოში ბევრმა არც იცის, რომ არსებობს ხანის ჩანჩქერი და რამდენად საინტერესო ტურისტული მიმართულება შეიძლება გახდეს ეს. მთავარია სწორი ინფრასტრუქტურის განვითარება, ბილიკებით, საპიკნიკეებით, სადაც ოჯახებით შევძლებთ მისვლას.

ბაღდათში იყო მეფეების საზაფხულო რეზიდენცია. მათ იცოდნენ, სად არის ის უნიკალური მიკროკლიმატი, სადაც ყველამ შეიძლება მიიღოს დიდი სარგებელი. ბევრს არ ვიტყვი კურორტ საირმეზე, რა თქმა უნდა, ის ცნობილია, თუმცა, საერთოდ მივიწყებულია ზეკარის უცნობილესი ბალნეოლოგიური კურორტი, რომელსაც სჭირდება განახლება, ინვესტიციები. ბევრი საინტერესო ადგილია აქ, რითაც ბაღდათმა ნამდვილად შეიძლება გამოიჩინოს თავი და მთელი მუნიციპალიტეტი ძლიერად დადგეს ფეხზე. ფერდობებზე შეფენილი ულამაზესი სოფლები ბრწყინვალე ,,გესთჰაუსები” შეიძლება გახდეს, მთავარია სწორად მივიტანოთ მოსახლეობამდე ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს და კიდევ ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ იქნება ეს ტურისტული მიმართულება, სოფლის მეურნეობა თუ სხვადასხვა პროგრამები, რომელიც თითოეული თქვენთაგანის გამოსაყენებელია“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისივე განცხადებით, ბაღდათმა ნამდვილად უნდა გამოიჩინოს თავი და გახდეს უფრო ძლიერი, რადგან საქართველო ვერ იქნება ძლიერი, თუ არ გვექნება ძლიერი მუნიციპალიტეტები.

,,ამის სრული პოტენციალი არსებობს, ყველანაირი შესაძლებლობა, მთავარია სწორად დაიგეგმოს და სწორად გავაგრძელოთ განვითარება. ინფრასტრუქტურული პროექტები საკმაო რაოდენობითაა რეგიონებში, მათ შორის ბაღდათში. საჭიროა ერთიანი ხედვის არსებობა, რომელიც აუცილებელია თქვენთან ერთად იყოს შემუშავებული. ამიტომ, თქვენი ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მერის და საკრებულოს მიერ არის გადასაწყვეტი, არის აუცილებელი და რა თქმა უნდა, მოგიწოდებთ ამისკენ. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაზე. ამისთვის საჭიროა შესაბამისი გეგმები, ხედვა და მთავრია სწორად აღვასრულოთ იგი. იმედი მაქვს, რომ ოთხი წლის შემდეგ, ნამდვილად ვიამაყებთ მერის წარმატებებით, რისი მონაწილეც რა თქმა უნდა, იქნებით თქვენ“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა