იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, რომელიც 7 სექტემბერს იხსნება, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები იქნება. მის მისაღებად სულ მცირე 113 ხმის მობილიზებაა საჭირო.

ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.

ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებულ კვორუმს, პარლამენტში წარდგენილი პროექტით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტს გენერალური პროკურორის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით არჩევის შესაძლებლობა ექნება. თუკი პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, ასეთ შემთხვევაში, მას სრული შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებენ. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება.

ამასთან, როგორც პოლიტიკურ ძალებს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გახდა ცნობილი, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაძლოა, გენერალური პროკურორის ახალი წესით არჩევასთან დაკავშირებული ნორმის გარეშე მიიღოს.

გენერალური პროკურორის 3/5-ის უმრავლესობით არჩევის საკითხი 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე გადაწყდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს