პარლამენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს

პარლამენტი საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებების მისაღებად სულ მცირე 113 ხმის მობილიზებაა საჭირო.

ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.

ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებულ კვორუმს, პარლამენტში წარდგენილი პროექტით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტს გენერალური პროკურორის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით არჩევის შესაძლებლობა ექნება. თუკი პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, ასეთ შემთხვევაში, მას სრული შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებენ. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება.

ამასთან, როგორც პოლიტიკურ ძალებს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გახდა ცნობილი, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაძლოა, გენერალური პროკურორის ახალი წესით არჩევასთან დაკავშირებული ნორმის გარეშე მიიღოს.

გენერალური პროკურორის 3/5-ის უმრავლესობით არჩევის საკითხი 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე გადაწყდება.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს